რამდენიმე კვირაში ევროკავშირი ბლოკში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს და პირველად წარადგენს მოხსენებას საქართველოს, როგორც გაფართოების ქვეყნის პროგრესის შესახებ. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ამ ეტაპზე უჭირთ იმის შეფასება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. თუმცა თანხმდებიან, რომ ეს სტატუსი ქვეყანამ უნდა მიიღოს, თუნდაც შემდგომი დათქმებით. „გირჩი“ 12 რეკომენდაციის 2 მთავარ რეკომენდაციამდე დაყვანას ემხრობა; „საქართველოსთვის“ კი – ასეთ მიდგომას საკითხის შინაარსობრივად მინიმიზაციად მიიჩნევს. იაგო ხვიჩიამ და ბექა ნაცვლიშვილმა ამ თემაზე მოსაზრებები „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში გაცვალეს.
იაგო ხვიჩია: „სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები – ორივეს აქვს თავისი გამოხატულება, თავისი შინაარსი და ამის დამიწება ყველასთვის გასაგებად არის შესაძლებელი: სამართლიანი სასამართლო ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოტანას ყველა დანაშაულზე იმისთვის, რომ პოლიტიკური დავები ფიზიკურად მურუსიძის სასამართლოში არ გვქონდეს და ნებისმიერ ასეთ პოლიტიკურ დავას იხილავდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუ მას ბრალდებული ენდობა. და მეორე ნაწილი – სამართლიანი არჩევნები – აქ მთავარია ბუნებრივი, ზოგადად, დაბალი ბარიერი. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, 2%–იანი ბარიერის საკითხი პირველი მოსმენით მიღებულია, თუმცა, ქართულმა ოცნებამ გააჩერა. ჩვენ სინამდვილეში მხოლოდ ეს ორი რამ გვჭირდება – სამართლიანობა ორ ადგილას: სასამართლოში – პოლიტიკურ დავებთან და ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სიტუაციაში და სამართლიანი არჩევნები“.
ბექა ლილუაშვილი: „მხოლოდ ამ ორ საკითხზე კონცენტრირებას, თან კონკრეტული ღონისძიებებით გადაჭრის გზით – მე არ ვეთანხმები. რა არ არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში? ანტიკორუფციული ღონისძიებების შინაარსობრივად და შედეგიანად გატარება არ არის მნიშვნელოვანი? ან სახელმწიფო სამსახურის რეფორმა ნაკლებად მნიშვნელოვანია? თუ ახლა მეტყვით, რომ ეს შეუძლებელია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს არ არის ეს გამოსავალი და ვერ იქნება განხილული, როგორც საკმარისი არგუმენტი. ამ ქვეყანაში არაფორმალური ძალაუფლება იმდენად არის კონსოლიდირებული და პარტიას სახელმწიფო ინსტიტუტები იმდენად შესისხლხორცებულია სამართლებრივად, არასამართლებრივად, ფორმალურად თუ არაფორმალურად, რომ მხოლოდ ორი საკითხის გადაჭრა ვერ იქნება გამოსავალი და ეს უბრალოდ, ჩემი აზრით, ამ საკითხის მინიმიზაციაა თავის შინაარსით. ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც შეიქმნა და თავისი არსით, სტატისტიკის სამსახურია და არანაირი ინსტრუმენტი მას არ აქვს – ეს გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების კორუფციული ფაქტები არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნით? ან თუკი მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად არ იქნა რეფორმირებული და იქ დამოუკიდებლობის გარანტიები არ იქნა შემოტანილი – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გადაწყვეტს პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემას? ვერ გადაწყვეტს, ბუნებრივია. ამიტომ კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მას ან მოუწევს ევროკავშირის წესებით თამაში ან მოუწევს სახლში წასვლა“.
იაგო ხვიჩია: „ჩვენ ანტიკორუფციულის მსგავსი სამსახური გვქონდა – ლონდა თოლორაიას [სახელმწიფო ინსპექტორის] სამსახური, რომელიც ქოცებმა ორ დღეში დაშალეს ფიზიკურად ისე, რომ მისგან ორი სამსახური გააჩინეს და იქ დარწმუნებული ვარ, თავიანთი პარადი მიჰყავთ. შესაბამისად, მე მთავარი პრიორიტეტი მგონია, რომ სასამართლოა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმიტომ ვთქვი, რომ მარტივი გასატანია, მარტივად გასაგებია ევროპელებისთვის“.
ბექა ლილუაშვილი: „კი, მაგრამ საკმარისი არ არის – მე მაგის თქმა მინდოდა“.
იაგო ხვიჩია: „ამიტომაც არის მეორე ნაწილი – სამართლიანი არჩევნები, რომ ერთდროულად იყოს – პოლიტიკური სამართლიანობა და სამოქალაქო სამართლიანობა. ამის შემდეგ, შესაძლებელია, რასაკვირველია, ბევრი ბიუროები ავაწყოთ, თუმცა, მე ნაკლებად მჯერა ზოგადად, რომ ადმინისტრაციული ორგანოები სახელმწიფოს მეთაურებს გააკონტროლებენ, პირიქით, ისინი მათ გასაძლიერებლად არის შექმნილი და არა – გასაკონტროლებლად“.ავტორისგან: საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანება სერიოზული ვალდებულებაა, კანდიდატის სტატუსი არ არის ის, რის მიღების უფლებამოსილებაც ქვეყნებს გააჩნიათ. მისი დამსახურებაა საჭირო სერიოზული რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის ღირებულებების დაცვის გზით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი“.
მან ასევე განაცხადა, რომ პრიორიტეტების განხორციელება „ეროვნული ამოცანაა“ და რომ „ერთიანობა ახლა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს“. მან საქართველოს მოუწოდა „დარჩენილი მოკლე დრო“ ძირითადი რეფორმებისა და მოთხოვნების შესასრულებლად გამოიყენოს.