მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიგი ავიაკომპანიები აქტიურად გამოხატავენ საქართველოს მიმართულებით ფრენის განახლების სურვილს"

600ac59a17f27
BM.GE
22.01.21 16:28
838
რიგი ავიაკომპანიები აქტიურად გამოხატავენ საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სურვილს,- ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პირველი თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღდგება.  

„გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში კვლავაც მაღალია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან პერიოდულად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ცვლის სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, რაც ბუნებრივია ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, რიგი ავიაკომპანიები აქტიურად გამოხატავენ საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სურვილს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა შესაძლებლობას მოგვცემს ინდუსტრიასთან ერთად, მოვემზადოთ აქტიური სეზონისთვის, ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება და ხელი შევუწყოთ ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას ჩვენს ქვეყანაში.“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 2020 წლის 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან. 2020 წლის 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან, ხოლო 2020 წლის 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით. შეზღუდვა არ გავრცელდა სატვირთო, ჩარტერულ, სარეპატრიაციო, ჰუმანიტარულ, ტექნიკური დაჯდომის და საავიაციო სამუშაოების მიზნით განხორციელებულ ფრენებზე. 2020 წლის აგვისტოდან, დაიწყო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი. ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებებით. ნოემბრიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ასევე განახლდა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებებით (ნოემბრამდე აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები). გარდა ამისა, დაინიშნა ჩარტერული ფრენები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელ ავივის მიმართულებებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები