მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც - კოვიდს, ისე შევუტევთ ქართულ ეკონომიკას“ - რატომ მიდის ბეჟან წაქაძე პოლიტიკაში

5f1577cea261b
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.20 14:50
2348
"ვფიქრობ, ამ ახალი პლატფორმიდან გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებ ხალხისთვის", - ასე უპასუხა GDG ჯგუფის დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ BM.GE-ის კითხვას, რომელიც ბიზნენიდან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ სამშენებლო კომპანია GDG ჯგუფის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

როგორც ბიზნესმენი განმარტავს, მას ბიზნეს სექტორში გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა და კარგად იცის, რა საჭიროებები აქვს მოსახლეობას, ამიტომ დეპუტატის პოსტს ამ პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებს.

„დიდი ხანია ბიზნესში ვარ; ვფიქრობ, ამ პოზიციიდან გარკვეული რაღაცეების გაკეთება შევძელი ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ამ ახალი პლატფორმიდან კი, გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებ იმ გამოცდილებით, რა გამოცდილებაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დავაგროვე. ეს იქნება ჩემი პირველი კრედო და მიზანი, რომ დავეხმარო ჩემს ქვეყანას და იმ რეგიონს, რომელსაც წარმოვადგენ; საქართველოს მშენებლობაში შევიტანო წვლილი - ეს ფარატინა სიტყვები ნამდვილად არ არის, ამას საქმით დავადასტურებ და ეს პლატფორმა მომცემს საშუალებას, უფრო აქტიური და აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს ქვეყანამ ეკონომიკის ზრდის კუთხით“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, თუმცა მთავარი ეკონომიკის ზრდაზე ზრუნვაა.

"რაც შეიძლება აგრესიული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ეკონომიკის ზრდის მიმართულებით, რაც ახალი საწარმოების აშენებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზეა დამოკიდებული. ყოველივე ამ კუთხით იქნება მუშაობა. მე ჩემი რეგიონის სპეციფიკა ვიცი, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ მათ პრობლემები ჩემთთვის ძალიან ცნობილია და ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ვიზრუნებ პარლამენტიდან.

ძალიან ბევრი რამ შეძლო "ქართულმა ოცნებამ" ამ მცირე ხნის განმავლობაში. თქვენ ხედავთ, რომ დასერილია მთელი ქვეყანა ახალი მშენებლობებით, ახალი ინფრასტრუქტურებით, ყოველივე ეს არის ბიზნესის განვითარების საწინდარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი ნამდვილად არ განვითარდება; ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის და რაც სახელმწიფოს დონეზე უნდა გაკეთდეს, ეს კეთდება და ყოველდღიურად ეს იზრდება. არცერთ ეპოქაში, არ ყოფილა ისეთი აღმშენებლობა ქვეყანაში როგორიც დღეს მიმდინარეობს. ყოველივე ეს არის საწინდარი და დღეს თუ ხვალ ეს გამოიღებს თავის შედეგს ეკონომიკური აღმავლობის პროცესში, ყოველივე ამას მოჰყვება ბიზნესის განვითარება და ვითარდება კიდეც. ამას მოჰყვება შემდგომი განვითარება, ბოლო-ბოლო მივალთ იმ მიზნის აღსრულებამდე, რასაც ჰქვია თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის ამაღლება, ეს იქნება ამ პარლამენტის გამოწვევა.

როგორც კოვიდს შევუტიეთ ასევე შევუტევთ ეკონომიკას და ჩვენ ავამაღლებთ და განვავითარებთ მას. ეს 4 წელიწადი იქნება გარდამტეხი, და თქვენ ნახავთ 4 წელიწადში რა იქნება გაკეთებული“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები