მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს" - ღარიბაშვილი ბერლინში სიტყვით გამოსვლისას

6322131c29c31
BM.GE
14.09.22 20:55
3303
რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს. მას შემდეგ ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა გვიწევს, რომელიც ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით,  ღარიბაშვილმა უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

„ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში რთული დრო გვაქვს, ვინაიდან, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში და მათ შორის ჩვენს რეგიონშიც სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% ტერიტორიის არის ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას, ჩვენ ვართ სოლიდარულები მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები