მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთი კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო აქტივობებს კარდინალურად შეამცირებს" – თავდაცვის სამინისტრო

6242f804dcce2
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.22 16:36
1338
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო აქტივობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო,– ამის შესახებ საუბარია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში, რომელიც რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ გავრცელდა. შესაბამისი განცხადება რუსეთის გენერალ – პოლკოვნიკმა ალექსანდრე ფომინმა სტამბოლში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულ სიბრტყეში გადადის მოლაპარაკებები, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტსა და არაბირთვულ სტატუსზე მოლაპარაკებების დაწყების მომზადებას, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფას შეეხება; ამ ყველაფრის და დღეს განხილული საკითხების გათვალისწინებით, ურთიერთნდობის ამაღლების მიზნითა და მოლაპარაკებების წარმოების შემდგომი გაგრძელებისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, კარდინალურად, რამდენჯერმე, შეამციროს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, - განაცხადა გენერალ-პოლკოვნიკმა.

უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმაც გააკეთა.

„ჩვენ ორ ნაბიჯს ვდგამთ კონფლიქტის დეესკალაციისთვის“, - განაცხადა მედინსკიმ და განმარტა, რომ ერთი ნაბიჯი სამხედრო ხასიათისაა, ხოლო მეორე პოლიტიკური.

მედინსკის შეფასებით, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. მან აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ უკრაინისგან „შეთანხმებაში შესატანი გასაგებად ფორმულირებული პოზიციები წარუდგინა".

"ამ წინადადებებს ჩვენ უმოკლეს დროში განვიხილავთ, წარვუდგენთ პრეზიდენტს და შესაბამის პასუხს მივცემთ“, - თქვა რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება პრეზიდენტების შეხვედრას რუსული მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შესაძლებლობას ისინი მოლაპარაკებების დაწყებიდანვე განიხილავდნენ, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებებში ჩართული დელეგაციები "მხარეთა შეთანხმების დოკუმენტს" მოამზადებდნენ. მისი თქმით, ეს შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა განეხილათ და მოეწონებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ქვეყნების ხელმძღვანელების შეხვედრაზე საუბარი.

„ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უფრო მაშინ, როდესაც შეხვედრა შესაძლოა, მრავალმხრივი იყოს და მასში უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორმა სახელწმიფოებმაც მიიღონ მონაწილეობა.

დღევანდელი შინაარსიანი საუბრის შემდეგ ვთავაზობთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნების ხელმძღვანელების შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თანადროული შეიძლება იყოს“, - განაცხადა მედინსკიმ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები