მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთში რეისების დაწყებას მომზადება სჭირდება, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას" - Georgia Airways-ის დამფუძნებელი

645cba1fa7460
მარიამ ვარადაშვილი
11.05.23 14:01
1284
Georgia Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი მიესალმება რუსეთის გადაწყვეტილებას პირდაპირი საჰარო მიმოსვლის დაწყებაზე. კერძოდ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება.

პუტინის ბრძანება ხელმოწერისთანავე ამოქმედდა. გაიშვილი, რომლის კომპანიაც ავიაემბარგომდე თბილისი-მოსკოვის რეისზე ასრულებდა ფრენებს, არ გამორიცხავს, რომ ფრენები განაახლოს, თუმცა დასძენს, რომ ფრენებსა და სიხშირეზე ნებართვის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება.

“თბილისიდან ფრენების დაწყება გეგმაში არ გვქონდა და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, ან რა ვითარება იქნება. რეისების დაწყებას მომზადება სჭირდება, ისე არ ხდება, რომ დღეს თქვეს შეზღუდვა მოიხსნა და ხვალ ფრენები დაიწყოს. მივესალმები უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების აღდგენას. ასევე მისასალმებელია ისიც, რომ საქართველოს მთავრობა პოზიტიურად შეხვდა ამ ამბავს და ამ ძნელბედობის დროს ეროვნული ინტერესების დამცველი მთავრობა გვყავს",-ამბობს გაიაშვილი.

კითხვაზე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის [აპრილი-ოქტომბერი] თუ მოესწრება რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყება, გაიაშვილი პასუხობს, რომ ეს მომდევნო კვირაში გახდება ეს ცნობილი.

“ფრენების დაწყება შესაძლებელია, თუ ამის საშუალებას გამოვნახავთ. ჯერჯერობით სხვა მიმართულებით ვაპირებთ რეისების დაწყებას - მილანი; ბერლინი, ლარნაკა და სხვა. ჯერჯერობით მომგებიანობაზე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ არ დაგვიგეგმია რეისები და შესწავლილი არ გვაქვს. ეგ მიმართულება ყოველთვის მოგებიანი იყო და ალბათ შემდგომშიც ასე იქნება. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და მოგებიანობაზე ფრენებს რომ დავიწყებთ, მაშინ გეტყვით. რა იქნება, წინასწარ ეს რთული სათქმელია",-ამბობს ის. 

გაიაშვილი ვერ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად როდის მიმართავენ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებას ფრენების დაწყებაზე.

2019 წლის ზაფხულიდან, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები