ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი და ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთთან ტურიზმის ხელშეწყობა მიზანშეწონილი არ არის.
როგორც ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტავს, ეს რუსეთზე მთლიანად დამოკიდებულებას გამოიწვევს.
„არ მიმაჩნია, რომ დღეს რუსეთთან ტურიზმის და იქიდან შემოდინებების ხელშეწყობა მიზანშეწონილია, რადგან ეს ქვეყანაში სუბკულტურას ავითარებს. ქმნის მთლიან დამოკიდებულებას რუსეთზე. თუ ჩავთვლით, რომ სხვა არავინ გვყავს მაშინ აქვს სარგებელი. თუ იქით მივდივართ რომ სხვა არავინ გვყავდეს, კი ისინიც იხდის მწვადში ფულს და მწვანილებ მოყრილ საჭმელებში, რომელიც გაცილებით ნაკლებია ერთ კაცზე, რომელიც ნებისმიერი ევროპელი, იაპონელი ან ავსტრალიელი დახარჯავდა“, - ამბობს საბა კიკნაძე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოდან რუსეთში აქტიურად დაიწყეს საქართველოსთან ცალმხრივად შეწყვეტილი ფრენების განახლებაზე საუბარი. მიმდინარე კვირაში ავიამიმოსვლის განახლების იმედი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამოთქვა. სერგეი ლავროვის ამ განცხადებას მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის თბილისის მერი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.
„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაში ცუდს ვერაფერს ხედავს.