მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული სანქციების ფონზე ყაზახეთი ტვირთებს კასპიის ზღვით, საქართველოს გავლით, გადაზიდავს"

6242b86a9c0f6
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.22 15:20
13225
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფონზე ყაზახეთის ხელისუფლებამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული გზები შეიმუშავა. ამის შესახებ სამშაბათს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული Tass აქვეყნებს.

"ჩვენ შევიმუშავეთ ალტერნატიული მარშრუტები და დერეფნები საექსპორტო და ტრანზიტული საქონლის ტრანსპორტირებისთვის. სამინისტრომ მიიღო სწრაფი ზომები საქონლის ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების თავიდან ასაცილებლად", - რუსული Tass-ის თანახმად განაცხადა მან.

მისი თქმით, საექსპორტო ტვირთები გადამისამართდება ლატვიის პორტებში და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (ТМТМ).

"ТМТМ-ის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება აზერბაიჯანთან, საქართველოსა და თურქეთთან მარშრუტზე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, ერთობლივი სატრანსპორტო-ლოგისტიკის კომპანიის მეშვეობით. ТМТМ-ის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის განვითარების მიზნით, ასევე. აქტაუს საზღვაო პორტის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე საკონტეინერო ჰაბის შექმნაც იგეგმება,” - განმარტა უსკენბაევმა.

გარდა ამისა, უსკენბაევმა თქვა, რომ ყაზახეთის სარკინიგზო სექტორის მხარდასაჭერად დაინერგა სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტრუმენტები სარკინიგზო ვაგონების ოპერატორებისთვის ანაზღაურების 10%-მდე სუბსიდირების სახით ადგილობრივი წარმოების ვაგონების შესაძენად სესხის აღებისთვის.

"ამ პროგრამის ფარგლებში შეძენილია 3500-მდე სამონტაჟო პლატფორმა და 2000-ზე მეტი სატვირთო ვაგონი. ასევე წელს ყაზახეთის რკინიგზა გეგმავს დამატებით 1500 სატვირთო ვაგონის შეძენას", - განაცხადა მინისტრმა.

აქამდე ყაზახეთი სარკინიგზო ტვირთებს ძირითადად რუსეთის რკინიგზის გავლით გადაზიდავდა.