მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საჭირო გახდება უპრეცედენტო შეზღუდვა" - უკრაინაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია

635cba799ce79
თამთა ჯიჯავაძე
29.10.22 09:29
510
უკრაინაში ელექტროენერგია მოსახლეობას პერიოდულად შეზღუდულად მიეწოდება. ამის მიზეზი რუსული ძალების მიერ ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშებია. როგორც უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, დედაქალაქ კიევში შეფერხებები ოთხი საათით გახანგრძლივდება. მსგავსი პრობლემებია სხვა ქალაქებშიც, მაგალითად დნიპროში, ხარკოვსა და პოლტავაში.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შედეგად დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი ზარალდება, თუმცა, მისივე თქმით, „თავდასხმები ჩვენ ვერ გაგვტეხს“.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეს რუსეთმა უკრაინაში თავდასხმა ირანული წარმოების ათობით დრონით განახორციელა. მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ენერგოინფრასტრუქტურაა. როგორც ზელენსკი აცხადებს, ქვეყნის ელექტროსადგურების თითქმის მესამედი დაზიანდა. როგორც ენერგოკომპანია DTEK აცხადებს, კიევის რეგიონმა ელექტროენერგიის დაახლოებით 30%-ის სიმძლავრე დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო გახდება ელექტროენერგიის „უპრეცედენტო“ შეზღუდვა.

"სამწუხაროდ, შეზღუდვების მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე ადრე", - განაცხადა DTEK-ის დირექტორმა დმიტრო სახარუკმა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები