მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საფრანგეთში 5 000 ბოთლი ღვინო გავიტანეთ" - ტყუპების საღვინე სახლი

63973fb85fddd
თინათინ ნატმელაძე
13.12.22 10:00
643
"ტყუპების საღვინე სახლმა", რომელიც უკვე 25 წელია კახეთში, კერძოდ ნაფარეულში ქვევრის ღვინოს აწარმოებს, მიმდინარე წელს სარეალიზაციო ბაზარი გააფართოვა და შვედეთის, ამერიკისა და საფრანგეთის ბაზარზე შევიდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებლებმა, გელა და გია გამტკიცულაშვილებმა გადაცემა "Forbes კვირას" ეთერში ისაუბრეს.

მათივე ცნობით, საფრანგეთის ბაზარზე შეტანილი 5 000 ბოთლი ღვინო წარმატებით გაიყიდა, რამაც შემდეგი შეკვეთის რაოდენობა თითქმის გააორმაგა - რამდენიმე დღეში "ტყუპების საღვინე სახლი" საფრანგეთში 9 000 ბოთლ ქვევრის ღვინოს გაგზავნის.

"პანდემიამ ცოტა კი შეგვაფერხა, მაგრამ მაინც ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით წარმატებული 2022 წელი აღმოჩნდა - შევედით შვედეთის ბაზარზე, სადაც ძალიან სერიოზული პარტნიორი გვყავს, ასევე ამერიკის ბაზარზე, სადაც მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ გაყიდვები ძალიან მზარდია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი საფრანგეთის ბაზარზე შესვლაა, მოგეხსენებათ საფრანგეთი ღვინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყანაა, ამიტომ აქ ოპერირების დაწყება საკმაოდ დიდი წინსვლაა ჩვენთვის - პირველ ეტაპზე 5 000 ბოთლი ღვინო გავიტანეთ, რომელიც წარმატებით გაიყიდა და ახალი შეკვეთა თითქმის გაორმაგდა - რამდენიმე დღეში 9 000 ბოთლ ღვინოს გავგზავნით", - განაცხადეს გელა და გია გამტკიცულაშვილებმა.

ტყუპი ძმები "Forbes კვირის" ეთერში იმ გზაზეც ყვებიან, რომელიც აქამდე მოსასვლელად გაიარეს - თავდაპირველად ღვინოს სანაცნობო წრეში ყიდდნენ ან საჩუქრად არიგებდნენ, შემდეგ 2002 წელს მეღვინეობა მევენახეობის ინსიტუტში უმაღლესი განათლება მიიღეს, რის შედეგადაც ღვინის სერიოზულ წარმოებაზე გადავიდნენ და პირველი პარტია - 5 000 ბოთლი "ქვევრის ღვინო, ტყუპების ღვინო’’ სახელით მაღაზიის თაროებზეც გამოჩნდა.

"პროფესიით მშენებლები ვართ, მაგრამ ქვევრის ღვინის წარმოებაში სულ ჩართული ვიყავით და ეს ბრძოლა, რომ ქვევრის ღვინო ბოთლებში გადაგვეტანა, 1997 წელს შევძელით. თავიდან, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები იყო, ძალიან რთული აღმოჩნდა ღვინო სავაჭრო ნიშნით მაღაზიის თაროებზე გამოჩენილიყო და თავიდან ახლობელბსა და ნაცნობებში ვყიდდით ან საჩუქრად ვარიგებდით.

ყველაზე მნიშვნელოვანი 2000-2002 წლები იყო, როდესაც ევროპაში, კერძოდ გერმანიასა და ავსტრიაში ვიმყოფებოდით და იქ ფერმერული მეურნეობები, კოოპერატივები ვნახეთ, რამაც ბიძგი მოგვცა, მეღვინეობაზე აკამედიურად გვეფიქრა, ამაში ჩვენი იმდროინდელი განათლება ხელს არ გვიწყობდა, ამიტომ 2002 წელს მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტში ჩავაბარეთ და მევენახე-მეღვინე-დეგუსტატორები გავხდით, ამის შედეგად უკვე სერიოზულ წარმოებაზე გადავედით და პირველი პარტია, 5000 ბოთლი, სახელით "ქვევრის ღვინო, ტყუპების ღვინო" ჩამოვასხით, რომელიც მაღაზიებში შევიტანეთ და წარმატებითაც გაიყიდა", - განმარტავენ "ტყუპების საღვინე სახლის" მმართველი პარტნიორები.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს "ტყუპების საღვინე სახლის" ღვინომ, კახურმა მწვანემ, დეკანტერის საერთაშორისო კონკურსში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომპანიამ ღვინის პირველი ექსპორტი 2008 წელს იაპონიაში განახორციელა. როგორც თავად ძმები გამტკიცულაშვილები ამბობენ, ოჯახის ტრადიციების მიხედვით, წარმოების დაწყებიდან დღემდე, კომპანიის მთავარი ხაზი, ანუ წარმოების 95%, ქვევრის ღვინის წარმოება და მისი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე პოპულარიზებაა. დღეისთვის მეღვინეები საფერავის, რქაწითელის, ქისის, ხიხვის და კახური მწვანეს ყურძნის ჯიშებიდან წლიურად 500 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ, ნაფარეულის მიკროზონაში გაშენებული საკუთარი ვენახებიდან კი მცირე მოცულობებით სერტიფიცირებულ ბიოღვინოს წურავენ, რომლის გარკვეული რაოდენობა აშშ-ში გადის.

"ტყუპების საღვინე სახლის" ქვევრის ღვინო საქართველოში ვაკეში მოქმედ მათ ბრენდულ მაღაზიაში, ასევე "სმარტში", "ფრესკოში", "ევროპროდუქტში" და "უნივერსამში" იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები