მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საფრთხეა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებენ" - DRI

6422c3c986b93
თამთა ჯიჯავაძე
29.03.23 10:55
485
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია თითოეული პრიორიტეტის შესრულების ხარისხი.

როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული პირობების წარმატებით შესრულებაზე საუბრობს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად კვლავ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევაა საჭირო.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მმართველ პარტიას არ გამოუჩენია სათანადო ძალისხმევა ევროკომისიის მე-5 პუნქტის შესასრულებლად, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. კერძოდ, შინაარსობრივად არ განუხილავს, რა პრობლემებს გადაჭრის მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი; რა პოლიტიკური რეალობაა ამ მხრივ ქვეყანაში. "მმართველის პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, არსებობს საფრთხე, რომ კანონპროექტი მიღების შემთხვევაში გამოყენებული იქნება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. შესაბამისად, ვერ ჩაითვლება, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციის სულისკვეთებას შეესაბამება", - წერია შეფასებაში.

ცნობისთვის, დეოლიგარქიზაცია ევროკომისიამ პრიორიტეტად არა მხოლოდ საქართველოს, უკრაინასა (მიღებული კანონის ეფექტიანად აღსრულების კუთხით) და მოლდოვასაც განუსაზღვრა. დეოლიგარქიზაციის შესახებ მსჯელობა საქართველოში დამატებითი პოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდა.

„საკითხი ბუნდოვანი დარჩა ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განმარტებების მიუხედავად. ერთი მხრივ, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა შესთავაზა და განმარტა, რომ „ევროკავშირი არ ავარჩევთ, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი.“ ხოლო, მეორე მხრივ, ევროპარლამენტმა პირდაპირ მიუთითა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე არაჯანსაღი გავლენების მქონე ადამიანზე.

მმართველმა პარტიამ საკუთარი გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით - თარგმნა რა უკრაინული კანონი ე.წ. ოლიგარქების შესახებ, ქართული პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ ფორმალურად შეასრულა“, - წერია დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის შეფასებაში.

შეგახსენებთ, კანონის პროექტი, რომელიც „საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხის ეროვნული უსაფრთხოებისთვის თავიდან აცილების შესახებ“, (ე.წ. ოლიგარქების შესახებ) უკრაინული კანონის ანალოგია, საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 5 ოქტომბერს დაინიციირდა, 2023 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით კი, 2 მოსმენით არის მიღებული. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.

კანონპროექტის მიხედვით, პირი ოლიგარქად მიიჩნევა, თუ:

ა) ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) ის არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ოლიგარქთა რეესტრს საქართველოს პარლამენტი აწარმოებდა, თუმცა პროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს, ანრი ოხანაშვილის შეთავაზების საფუძველზე, კანონის პროექტმა ცვლილება განიცადა და ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტად საქართველოს მთავრობა განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები