მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურების დასრულებას 2040 წლისთვის გეგმავს"

63a353adee2e2
ალა ისპირიანი
21.12.22 22:30
518
პარკების მწარმოებლებისთვის ორი იანვრიდან ახალი მოთხოვნები ამოქმედდება. კერძოდ, საქართველოში პარკების მწარმოებლებს გამონაკლისების გარდა ოქსოდეგრადირებადი, ოქსობიოდეგრადირებადი და პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აეკრძალებათ. ამასთან, ბიოდეგრადირებადი ან კომპოსტირებადი პარკების წარმოება და მათი რეალიზაცია დასაშვებია მათი წინასწარ განსაზღვრულ „სტანდარტთან“ შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ექსპორტის მიზნით პლასტიკის პარკებისა და შესაფუთი მასალების წარმოება კი, წინასწარ აღებული ნებართვის საფუძველზე მოხდება.

გადაცემა „საქმის კურსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, რომ ხშირი იყო შემთხვევა როდესაც პლასტიკის პარკების გამოყენება მარკეტში ხდებოდა, რაც არასწორია და აიკრძალა.

მან ასევე თქვა, რომ საქართველო პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურების დასრულებას 2040 წლისთვის გეგმავს.

„შევუერთდით მაღალი ამბიციის კოალიციას, რომ 2040 წლისთვის საერთოდ დავასრულოთ პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება, რომ საქართველო ნარჩენების ქვეყნად არ გადავაქციოთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ცვლილებების მიღების ნაწილში ბიზნესი რამდენადაა ჩართული, მან თქვა, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს ბიზნესიდან წამოვიდა.

„გადაწყვეტილებების დროს ბიზნესი მოწვეული იყო და მათთან ერთად გავიარეთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება და ცვლილება, რომელიც შევიტანეთ ბიზნესიდან წამოვიდა. რამდენიმე ცვლილება მივიღეთ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მიკვლევადობა უჭირდა იგივე ჩვენს გარემოს ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის სამსახურს, რადგან არ არის დასამალი, რომ ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც პლასტიკის პარკების გამოყენება ხდება მიწოდების ადგილზე, ანუ სარეალიზაციო ქსელში, მარკეტში. გვინახავს, რომ იქვე ჩამოხევენ აწონიან რაიმეს და ამიტომაა, რომ მერე გარემოში იბნევა. ამ ფორმით აწონა და დაფასოება აღარ მოხდება“, - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები