ნარჩენების მართვის რეფორმის ფარგლებში ამ ეტაპზე არსებული 6 რეგლამენტიდან 4 მიღებულია, თუმცა დამტკიცების მოლოდინშია 2 ტექნიკური რეგლამენტი, რომლის ფარგლებში მეორეული ავტომობილების და მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება უნდა მოხდეს. დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა. დაიდო სქემა, რომელსაც ბიზნესის კრიტიკა მოჰყვა.
როგორ უნდა შეგროვდეს შესაფუთი ნარჩენი? ესეც იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც პროცესებს აფერხებდა. ერთ-ერთი გზა, რომელიც აქტიურად განიხილებოდა იყო დეპოზიტური სისტემა.
ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი ნარჩენების ჩამბარებელი სპეციალური მანქანებია, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. ესაა მოწყობილობები, სადაც ცარიელ ბოთლს აგდებ და გარკვეული რაოდენობის თანხას იღებ სანაცვლოდ. ეს არის, გარკვეულწილად კომპენსაცია იმ ფასნამატისთვის, რომელსაც მომხმარებლები იხდიან, რათა ნარჩენები შეგროვდეს და გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს.
კერძო სექტორის ნაწილი აცხადებდა, რომ ამ სისტემის დანერგვა საქართველოს რეალობაში გამართლებული არ იყო, რადგან ის დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. კომპანია “ტენეს” დამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს გარკვეულწილად გადაჭრილია. მისი თქმით, ისინი მზად არიან ბაზარს ე.წ ბოთლიყლაპია აპარატები მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასზე სამჯერ იაფად შესთავაზონ, შესაბამისად, დეპოზიტური სისტემის დანერგვა სექტორისთვის დიდ ხარჯებთან აღარ იქნება დაკავშირებული.
“საქართველოში შევქმენით ბოთლიყლაპია აპარატები, რომელიც იწარმოება ადგილზე. ამჟამად არის ბეტა ვერსია, მიმდინარეობს ტესტირება და უკვე ფაქტობრივად გამართულია. ერთ-ერთი პრობლემა ამ სისტემის დანერგვის იყო ფასი. გვინდა, რომ ჩვენ შევთავაზოთ ეს აპარატები მუნიციპალიტეტებს და ბიზნესებს. შევთავაზებთ ჩვენს გადაწყვეტას, რომელიც სამჯერ უფრო იაფი არის ვიდრე მსოფლიო ბაზარზე არსებული აპარატები.
იქამდე სანამ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში, შესაფუთი ნარჩენის რეგლამენტი ძალაში შევა, ჩვენ უკვე ვთავაზობთ ბიზნესებს CSR მიმართულების ფარგლებში ჩვენს აპარატებს და ამას სჭირდება გადაჭრა და თუ ეს კერძო სექტორმა ჩვენს თავზე არ ავიღეთ დიდ ხანს იქნება ჩვენი ეკოლოგია ასეთი კატასტროფის რისკის წინაშე. შესაბამისად, ვთავაზობთ პირველ რიგში კომპანიებს რომ დადგან ეს აპარატები, ადამიანებმა მოახერხონ პლასტიკის ბოთლების ჩაბარება.
მეორე ეტაპზე თუ მოხდება კანონის მიღება ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ელექტონული ბაზა, სადაც ხდება ყველა ინფორმაციის შეგროვება, რომელიც სახეობის ბოთლი ბარდება. როცა მარკირება დაიწყება შევძლებთ ამოვიკითხოთ როდის არის ის დამზადებული, როდის არის ბაზარზე განთავსებული და როდის არის ამოღებული. ეს ბაზა სრულად მზად არის და ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას.”-ამბობს “ტენეს” დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი.