მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველომ ჯანდაცვის სისტემის შეფასება თავისი გამოცდილებით უნდა მოახერხოს" - შაქარიშვილი

609b86ac8f0e2
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.21 12:45
672
გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა გიორგი შაქარიშვილმა გადაცემა Forbes Health-ში ქვეყნებისთვის ჯანდაცვის სისტემების სრულყოფილი შეფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიამ დღემდე არსებული შეფასების სისტემებში რიგი ხარვეზები გამოავლინა.

ჯანდაცვის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველომ პანდემიიდან მიღებული გამოცდილებით უნდა შეძლოს და ჯანდაცვის სისტემა თავად შეაფასოს. ამასთან, ამ შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის ხარვეზები, რაც დღემდე დანერგილ შეფასებით სისტემებს ჰქონდათ. მან ის კრიტერიუმები დაასახელა, რომლის მიხედვითაც, დღეს მსოფლიოში სხვადასხვა ჯანდაცვის სისტემა ფასდება და თქვა, რომ საქართველომ, ისევე როგორც ყველა ქვეყანამ ჯანდაცვის უსაფრთხოების თვალსაზრისით ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ბოლო ანალიზი 2019 წელს ჩაატარა.

„ჯანდაცვის სისტემის შეფასების რამდენიმე მეთოდოლოგია არსებობს. ეს არის ე.წ. JoinT External Evaluation-ი და ასევე Global Health Security Index-ი, რომელსაც ყველა ქვეყანა აკეთებს. საქართველომ 2019 წელს ჩაატარა JoinT External Evaluation-ი, რომელიც საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია. საკითხების ძალიან ფართო სპექტრია შესწავლილი - დაწყებული კანონმდებლობით, დასრულებული ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებით, საკვების უსაფრთხოება და ანტიმიკრობული რეზისტენტობა ანუ ყველა ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, რაც შეიძლება შესწავლილი ყოფილიყო ამ დოკუმენტშია თავმოყრილი; რომ ვნახოთ, სად არის საქართველო სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ამ შეფასებით საკმაოდ სახარბიელო მდგომარეობაში ვართ, შუის ზემოთ ვართ, მაგრამ ფაქტი აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც სიის დასაწყისში არიან და ყველაზე კარგი შეფასება აქვთ მიღებული, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბევრი სხვა, პანდემიური გამოწვევების წინაშე დადგომისას ძალიან დიდი ზარალი განიცადეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სისტემის მიერ შექმნილი შეფასების მეთოდოლოგია ხარვეზებს შეიცავს.

ვფიქრობ, ამ 1.5 წლის გამოცდილებიდან საქართველომ უნდა მოახერხოს და საკუთარი სისტემის შეფასება გააკეთოს. სხვათა შორის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ჩემ მიერ ჩამოთვლილ მეთოდოლოგიას შეფასებაში აკლია - პოლიტიზირების ანალიზია. იქ ტექნიკური მხარის ანალიზია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკა ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი დეტერმინანტია. ამის გაკეთება საჭიროა“, - განაცხადა გიორგი შაქარიშვილმა.

Forbes Health-ში, სადაც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდა, გიორგი შაქარიშვილმა კიდევ ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ჯანდაცვის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დონეზე აყვანა.

"არიან ქვეყნები, სადაც "ჯანდაცვის ეროვნული უასფრთხოების სტრატეგია" ოფიციალური დოკუმენტის სახითაა წარმოდგენილი. კიდევ უფრო ცოტა ქვეყანაა, რომელსაც აქვს სტრატეგია და აქვს ამ სტრატეგიის განხორციელების გეგმა. მაგალითად, კანადა, ავსტრალია. კოვიდმა აჩვენა, რომ ამ ქვეყნებმა მობილიზება უფრო მოახერხეს და პრობლემას უკეთ გაუმკლავდნენ.

ქვეყნისთვის ასეთი დოკუმენტის შედგენა და სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც საკოორდინაციო ფუნქციას შეასრულებს, აუცილებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერთან არის საკოორდინაციო საბჭო, თუმცა ეს არ არის მუდმივმოქმედი, ეს პრობლემიდან გამომდინარე შექმნილი საბჭოა. თუ კი ჯანდაცვის უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება დღის წესრიგში დადგება, ამ საბჭოს გადახალისებაზე და სხვანაირი სტრუქტურული ერთეულის შექმნაზეც იქნება საუბარი“, - განმარტა გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები