ერთ-ერთი პირველი ტურისტული ობიექტი, რომელმაც ჯერ კიდევ წლების წინ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მათი სამუშაო ენა არ არის რუსული - მარტვილში მდებარე საოჯახო მარანი “ოდა” იყო.
ობიექტის დამფუძნებელი ქეთო ნინიძე ამბობს, რომ ამ პოზიციას საოჯახო მარანი ოდა დღესაც აფიქსირებს. მისი თქმით, დამოკიდებულება არ შეცვლილა, შეიცვალა მდგომარეობა. ეს მდგომარეობა კი ომია, ომი რომელიც უკრაინაშია, თუმცა საქართველოსაც ეხება.
საოჯახო მარნის დამფუძნებელი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯები დიდი ხნის წინ უნდა გადადგმულიყო. მისი განმარტებით, რუსეთში დაფუძნებელი ტურისტული კომპანიები და რუსი გიდები აქტიურად ემსახურებიან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს. ნინიძე აცხადებს, რომ ისინი ტურისტებს საქართველოს ისტორიას უყვებიან, რომელიც ან შეესამება სიმართლეს ან არა.
“ოდას” დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს კომპანიები და ფიზიკური პირები ადგილობრივ ბიზნესს კონკუნრეციას უწევენ. მისივე თქმით, მსგავსი საქმიანობა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და აიკრძალოს.
“რუსეთში დაფუძნებული ტურისტული კომპანიები აბსოლუტურად უკონტროლოდ, გაურკვეველი ლიცენზიით ან ლიცენზიის გარეშე თავად გეგმავენ ტურებს საქართველოში. ეს კომპანიები თავად ქმნიდნენ ტურისტულ პროდუქტებს და ჰყავდათ თავიანთი გიდები, რომლებიც გაურკვეველია რას უყვებიან ტურისტებს საქართველოზე. ჩვენთვის ეს ძალიან დამაზიანებელია, რადგან ადგილობრივ ბიზნესს კონკრენციას უწევენ და ფული საქართველოში არ რჩება. გარდა ამისა, ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს, იმიტომ რომ, არ ვიცით რუსი გიდები რას ყვებიან საქართველოზე. ძალიან ცუდია, როდესაც ასე უკონტროლოდ საქართველოში ის ქვეყანა, რომელსაც შენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს, ეწევა საქმიანობას. უნდა აიკრძალოს საქართველოში რუსი ტუროპერატორებისა და გიდების ოპერირება.” - აცხადებს საოჯახო მარანი “ოდას” დამფუძნებელი, ქეთო ნინიძე.