2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება და მოგზაურებს ახალი ტურისტული ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.
როგორც ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი დევიდ რუეთზი აცხადებს, საერთაშორისო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას გამოიწვევს.
“საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ბუნებით, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც აღმოუჩენელია მისი იდუმალი სამყარო. სწორედ ამიტომ შეირჩა საქართველო და ვფიქრობ მომავალ წელს ბერლინის გამოფენაზე საქართველო დიდ ნახატს შექმნის, რომელიც განთავსდება მსოფლიო სცენაზე.
COVID-პანდემიის შემდეგ, მოგზაურებს ახალი ტურისტული ადგილების აღმოჩენა სურთ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან ისინი უკვე იყვნენ იტალიაში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო კავშირები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქუთაისის ახალი აეროპორტიდან სრულდება პირდაპირი ავიარეისები. დარწმუნებული ვარ ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა იქნება, რადგან ბოლო 20 წელიწადში ბერლინის გამოფენის ყველა მასპინძელ ქვეყანას მომდევნო 5 წლის მანძილზე ტურისტების მნიშვნელოვანი მატება ჰქონდა “ – აღნიშნავს დევიდ რუეთზი
ინფორმაციისთვის, ITB Berlin პირველად საზღვარგარეთ, საქართველოში B2B ფორმატის ღონისძიებას მართავს. გერმანიის ტურ-ოპერატორებსა და ქართველ კოლეგებს შორის დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატშიც გაიმართება.




























