მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმრო ბიზნესი მიმზიდველია" - რას სთავაზობს "ბლოკ ჯგუფი" ინვესტორებს?

643aa7b9d60f1
თამთა ჯიჯავაძე
15.04.23 17:40
1991
სასტუმრო ბიზნესი ინვესტორისთვის მიმზიდველი ბიზნესია, ვინაიდან ტურიზმის მაჩვენებლები მზარდია, - ამის შესახებ "ბლოკ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა, თორნიკე ჯანაშვილმა გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა. მისი თქმით, თბილისი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ტურიზმის ბიზნესისთვის, ვინაიდან ტურისტების დედაქალაქში დარჩენის ხანგრძლივობა გაიზარდა.

"უკვე აღდგა ის მაჩვენებლები, რაც პანდემიამდე იყო. ერთი ტრენდი შეიცვალა, რომ თბილისის ვიზიტორი თუ ადრე 4-5 ღამეს რჩებოდა, ახლა უკვე 7 ღამეს ჩერდება დედაქალაქში. ამ მხრივაც თბილისი ტურიზმის ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველია, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ყველა დიდი კომპანია ამ კუთხით პროექტების განხორციელებას უკვე ცდილობს. სასტუმრო ბიზნესში შესვლას თავისი სირთულეები აქვს. ერთი - რომ ბიზნესში შესვლის ჩეკი საკმაოდ მაღალია, მით უმეტეს როცა ვსაუბრობთ მაღალი სტანდარტის ბრენდულ სასტუმროზე. მინიმუმ 75 ნომერზე მეტი მაინც უნდა ჰქონდეს სასტუმრო, რომ რენტაბელურობა შეინარჩუნოს“, - განაცხადა ჯანაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი ნომრის მშენებლობა 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დაახლოებით 250 000 დოლარი  ჯდება. ამიტომაც კომპანიამ, რომელიც „ორბი ჯგუფთან“ ერთად მასშტაბური მულტიფუნქციური ცენტრის პროექტზე მუშაობს, ეს საკითხი შეისწავლა და ინვესტორებისთვის საინტერესო შეთავაზება შეიმუშავა.

„როდესაც შევისწავლეთ ეს საკითხი, ვნახეთ, რომ სანომრე ფონდზე ბიუჯეტის 40%-მდე იხარჯება, ხოლო დანარჩენ ინფრასტრუქტურაზე  ბიუჯეტის 60%-ზე მეტი. მეორე მხრივ, თუ მომგებიანობას შევხედავთ, სასტუმროს მოგების 80% სანომრე ფონდზე მოდის, ხოლო 20% - ინფრასტრუქტურულ ნაწილზე. ამასთან, სანომრე ფონდი უფრო მარტივი სამართავია. ამიტომ ჩვენ ეს ორი ნაწილი გავყავით და ვთქვით, რომ რატომ არ შეიძლება ინვესტორს შევთავაზოთ პროდუქტი, რაშიც უფრო ნაკლებ ინვესტიციას გააკეთებს, უფრო მეტად მომგებიანია და ადვილია სამართავად და გამოვყოთ ინფრასტრუქტურული ნაწილი.

ასეთი პროდუქტი შევქმენით და თან შესვლის ჩეკიც შევამცირეთ, შედეგად ინვესტორს 18-ნომრიან სასტუმროსაც ვთავაზობთ, სადაც ინვესტიცია საწყის ეტაპზე 1 800 000 დოლარია, ანუ ერთ ნომერზე 10 000 დოლარის ინვესტიცია გამოდის. ინვესტორს ხვდება გამზადებული ბიზნესი. მეორე მხრივ კი, ჩვენმა პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ინფრასტრუქტურული ნაწილი, როგორც ცალკე ბიზნესი ყოფილიყო საინტერესო. შედეგად სანომრე ფონდის ინვესტორს ჩვენ ვეუბნებით, რომ ინფრასტრუქტურაში მათ ფულის ცალკე ჩადება არ უწევს, თუმცა ყველა ის სიკეთე, რაც მათ სტუმრების მოსაზიდად სჭირდება, სასტუმროს ექნება, ვინაიდან ეს ერთი კომპლექსის ნაწილია“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

ცნობისთვის, მულტიფუნქციური ცენტრი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე შენდება. თაუერსში, სადაც Radisson-ის ბრენდის სასტუმრო იქნება წარმოდგენილი, ბოლო სართულზე თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული პენტჰაუსები მოეწყობა, რომლის კვ.მ-ის ღირებულება 20 000 დოლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები