“17-ნომრიანი სასტუმროს 95% დატვირთულია“, - ამის შესახებ bm.ge-ს მესტიაში მდებარე სასტუმრო “ელიტ ჰაუსის” დამფუძნებელმა ბექა ხერგიანმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2021 წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი ახალი წელი აქვთ.
“გასულ წელს ზამთრის სეზონი მარტში გაიხსნა და, რა თქმა უნდა, წელს, უფრო კმაყოფილები ვართ. სასტუმროს დატვირთვა ახალი წლის დღეებშიც გრძელდება. ძირითადად, ჯავშნები ერთ-კვირიანია. პანდემიამ ჯავშნების სისტემა შეცვალა და თუ ადრე წინასწარ დაჯავშნა ერთი წლით ადრეც ხდებოდა, ახლა ერთი კვირით ან რამდენიმე დღით ადრე ჯავშნიან“, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.
რაც შეეხება ვიზიტორების გეოგრაფიას, ბექა ხერგიანის თქმით, უცხოელი ტურისტები უფრო მეტად შეინიშნებიან, ვიდრე - ადგილობრივები.
“ძირითადად რუსები და უკრაინელები გვსტუმრობენ. კაფე-ბარებიც ღიაა და ყველა დატვირთულია. თან საბაგიროებიც მუშაობს, რადგან ელექტრომომარაგება დასტაბილურდა“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება თებერვლის ჯავშნებს, ბექა ხერგიანის თქმით, ჯერჯერობით, ბევრი ჯავშანი არ აქვთ, თუმცა იმედი აქვს, რომ რიცხვები შეიცვლება. “მომდევნო თვეებში ჩაკეტვის მოლოდინი არ გვაქვს, როგორც ვნახეთ, „ომიკრონი“ სხვა შტამებთან შედარებით არც ისე საშიშია. ტურისტების მოლოდინიც წელს 2021 წლის ზამთრის სეზონთან შედარებით უფრო დიდია“, - გვითხრა “ელიტ ჰაუსის” დამფუძნებელმა.