მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობისთვის რეგულაციების გამარტივება მნიშვნელოვანია"

620e502d71ae1
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.22 01:00
1019

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური პრემიერის მიერ დაანონსებულ ინიციატივას აფასებს. ის ამბობს, რომ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო სექტორი ჩართულობას მიესალმება და ახალ პროგრამაში მონაწილეობის მაქსიმალურ მზაობას გამოთქვამს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მალხაზ კუნელაურმა განმარტა, ბიზნესმა დღეს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას, პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიიღო. ის კითხვები კი, რაც პროგრამის დეტალებთან მიმართებით არსებობს, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია და ბიზნესი იმედოვნებს, რომ მათზე პასუხი მომდევნო სამუშაო შეხვედრის დროს ექნებათ.

„პროგრამის ფორმატი შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსებას, რომლითაც შესყიდვა უნდა მოხდეს. როგორც გავიგეთ დევნილების განსახლებისთვის უძრავი ქონების პროექტში კერძო სექტორის მონაწილეობით მოხდება. კონკრეტულად, რა იქნება ერთი კვადრატული მეტრის ფასი, რასაც სახელმწიფო შეისყიდის და ამისთვის დეველოპერების და სამშენებლო კომპანიების მონაწილეობის მობილობა და ეფექტურობა, რა ხაზზე გაივლის და რა იქნება ამის განმსაზღვრელი, ასევე რა ვალუტაში იქნება, რა მყარი გარანტიები ექნება და რა პირობებით შესრულდება პროექტები ამაზე შესაბამისი უწყებები მოგვიანებით გაგვცემენ პასუხს“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

„რედკოს“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ამგვარ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ გარკვეული რეგულაციები გამარტივდება, თუმცა კონკრეტულად რა რეგულაციები, მალხაზ კუნელაურს არ დაუკონკრეტებია.

„როდესაც გვინდა სამშენებლო სექტორი სახელწმიფოს პარტნიორად სახელმწიფო პროექტებში გამოვიყენოთ, სამშენებლო პროექტების შესრულებისას ბიზნესში არსებული რისკებისა მაქსიმალური დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ, რაც მთელ რიგ საკითხებს ეხება. პირველ რისკს ქმნის პანდემია და პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და გარდა ამისა სამშენებლო მიმართულებაში არსებული სხვადასხვა, მათ შორის რეგულაციებიდან გამომდინარე პრობლემები, რომლის გამარტივების შემთხვევაში ბიზნესი კიდევ უფრო გაძლიერდება და მზად იქნება ასეთი ტიპის სახელმწიფო პროექტებში და გამოწვევებში მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა კუნელაურმა.

მან ასევე განმარტა, რომ ბიზნესს სამუშაო ადგილების შექმნის ლიკვიდობა ჯერ კიდევ აქვს და სახელმწიფოსთან თანამშრომლობა დარგისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები