მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო კერძო სექტორის მიჯირყვნაზეა გადასული"- ურუშაძე წამლების რეფერენტულ ფასზე

63cbd5156dc30
ალა ისპირიანი
21.01.23 16:01
854
„სახელმწიფო კერძო სექტორის მიჯირყვნაზეა გადასული“ - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე საუბრისას განაცხადა.

მისი მოსაზრებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ყველაფერი თავისი ჰქონდეს და ფასების რეგულატორი გახდეს, რაც მათი საქმე არ არის. „ფასების პირდაპირი რეგულაცია, ფასების კომიტეტის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია იცვლება“, - განაცხადა ურუშაძემ.

როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, არ შეიძლება სახელმწიფომ რაიმე გადაწყვიტოს და ის უზენაესი სასამართლოს ტოლფასი გადაწყვეტილება იყოს. მისი მოსაზრებით, კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი. 

„სამინისტრომ გადაწყვიტა ყველაფერი თავისი ჰქონდეს: საკუთარი ლაბორატორია, საავადმყოფოები და საკუთარი ყველაფერი. გადაწყვიტა ქვეყანაში თვითონ გახდეს ფასების რეგულატორი. ფასების რეგულაცია ჯანდაცვის სამინისტროს საქმე არ არის, რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს. ფასების პირდაპირი რეგულაცია, კომიტეტის შექმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეს უკვე ნიშნავს რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია იცვლება. შეიძლება ზოგს მოსწონდეს და ეგონოს, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები გაცილებით ჭკვიანები არიან და ადამიანებზე მეტს ფიქრობენ, ვიდრე თვითონ ადამიანები საკუთარ თავზე, ამან არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა. ვენესუელაში იყო მცდელობა ხელოვნურად ფასების შემცირების, ასევე ბელორუსიამ მუშტი დაარტყა და თქვა, რომ ფასები არ უნდა გაიზარდოს, ჩვენც იგივე გზით მივდივართ ოღონდ ევროპული მაკიაჟით.

ჯანდაცვა ერთი სექტორია და წამლებიც ამის ნაწილია. ავიღოთ ჰოსპიტალური სექტორი, 11 000 საწოლი იყო 2012 წელს საქართველოში, ახლა არის ორჯერ გაიზარდა საწოლების რიცხვი. აქედან 43% საწოლია მხოლოდ დაკავებული. სახელმწიფო გადასულია კერძო სექტორის მიჯირყვნაზე. იმაზე რომ კერძო სექტორმა უარი თქვას და გავიდეს ამ ბაზრიდან . ჰგონია, რომ სახელმწიფო საავადმყოფოებია გამოსავალი ჩვენი ჯანდაცვის“, - ამბობს იგი.

რაც შეეხება ევროპელი კოლეგების რეკომენდაციებს, მათ შორის, რეფერენტულ ფასებზე, ანდრია ურუშაძე ამბობს, რომ პირველი და აუცილებელი პირობაა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში კერძო სექტორი მონაწილეობდეს.

„კერძო სექტორი სახელმწიფომ უნდა აღიაროს, როგორც პოზიტიური ნაწილი. გარდა იმისა რომ გადაწყვეტილებებში დაინტერესებული მხარეები უნდა მონაწილეობდნენ, პროცესი და მათ შორის გადაწყვეტილება გამჭირვალე უნდა იყოს. კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების მექანიზმი. არ შეიძლება სახელმწიფომ რაიმე გადაწყვიტოს და ის უზენაესი სასამართლოს ტოლფასი გადაწყვეტილება იყოს. თუ ვნახავთ, რომ სამინისტრო, რასაც უნდა იმას აკეთებს და არავინ ამის მომკითხველი და არანაირი კონტროლი არ არის იმას მივიღებთ, რომ უფრო და უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს ინიციატივები“, - ამბობს ანდრია ურუშაძე.

შეგახსენებთ, 15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა. 15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები