მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სექტემბერში რეგულაციების გამკაცრებაც რომ მოგვიწიოს, წელს მშპ-ის ზრდა მაინც მაღალი იქნება"

60dd9b44bdba9
სალომე მეცხვარიშვილი
02.07.21 09:45
727
"სექტემბერში რეგულაციების გამკაცრებაც რომ მოგვიწიოს, წელს მშპ-ის ზრდა მაინც მაღალი იქნება", - ამის შესახებ თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია “საქმის კურსთან” აცხადებს.

მისი თქმით, ბოლო თვეების სტატისტიკა პოზიტიურ სიგნალებს იძლევა, სწორედ ამიტომ თავად თიბისი კაპიტალმაც მიიღო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კორექტირების და 10.5%-მდე ზრდის გადაწყვეტილება. ოთარ ნადარაია განმარტავს, რომ ოპტიმისტური სცენარი კიდევ უფრო მეტ ზრდას ითვალისწინებს.

საინტერესოა, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები აჭარბებს არამარტო 2020 წლის მონაცემებს, არამედ 2019 წლის ეკონომიკურ ზრდასაც. მთავრობა უკვე ორი თვეა ამ მაჩვენებლებით თავს იწონებს და ეკონომიკურ აღდგენას თავის გადაწყვეტილებებს და სწორ პოლიტიკას უკავშირებს. რაც შეეხება ბოლო 2 თვეში დაფიქსირებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას (აპრილი - 44.8%; მაისი - 25.8%) ოთარ ნადარაია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მისი თქმით, ფისკალური სტიმული არის აღდგენის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი შემადგენელი ნაწილი.

“სხვა შემოსავლებს თუ შევხედავთ, იქ საკმაოდ მკვეთრი ზრდა გვაქვს. ეს ზრდა არ არის გამოწვეული მხოლოდ ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენით, არამედ გამოწვეულია ექსპორტის საკმაოდ კარგი აღდგენით, რაც 2019 წლის დონეზეა და ვფიქრობთ, რომ კიდევ გაიზრდება, განსაკუთრებით რეექსპორტი. იმპორტიც საკმაოდ აღდგენილია და ტურიზმთან დაკავშირებული იმპორტის ზრდა კიდევ მოსალოდნელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გზავნილების საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს. ფისკალური სტიმულიც საკმაოდ მასშტაბური იყო 2020 და 2021 წელს და აღემატებოდა 2019-ის მაჩვენებლებს.

უნდა აღვნიშნო ფინანსური სექტორის საკრედიტო დაბანდებააც, რომელიც არც 2020 წელს შემცირებულა და 2021 წელსაც ზრდაა. წლევანდელი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის დონეს.

ზოგადად, წელს მთელს მსოფლიოში ბუმია. ამერიკის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი არის 7%, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ნაკლებად შემცირდა აშშ-ის ეკონომიკა 2020 წელს.

ის, რომ ფისკალურმა სტიმულმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ეს გასაგებია, თუმცა ერთადერთი ფაქტორი არ ყოფილა ეკონომიკურ ზრდაში”, - აცხადებს ოთარ ნადარაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები