მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სექტემბრისთვის ნომრების 30-40% უკვე დაჯავშნილია... არიან რუსებიც" - სასტუმრო ,,ფალიანი"

63060292a145c
მარიამ იზორია
24.08.22 21:00
1096
სვანეთში, კერძოდ, მესტიაში სულ რამდენიმე თვეა, რაც ახალმა, ბუტიკური ტიპის სასტუმრო „ფალიანმა“ დაიწყო ოპერირება. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ეკა გველესიანი bm.ge-სთან აცხადებს, სასტუმრო მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საკმაოდ დატვირთულია და ჯავშნები სექტემბრის ჩათვლით აქტიურად შემოდის.

მისივე თქმით, „ფალიანის“ დამსვენებლები ისრაელიდან, პოლონეთიდან, ავსტრალიიდან სტუმრობენ, თუმცა სასტუმრო დატვირთულია ადგილობრივი ტურისტებითაც. ამასთან, თუ აქამდე სვანეთს რუსები თითქმის არ სტუმრობდნენ, მიმდინარე სეზონზე რუსი დამსვენებელიც აქტიურია.

„ჩვენ რამდენიმე თვეა, რაც გავიხსენით და ჩვენთვის ეს დატვირთულობა მაღალია, თუმცა ძველი სასტუმროები ამბობენ, რომ ის დატვირთულობა არ არის, რაც პანდემიამდე იყო. ტურისტული ჯგუფები გვყავს ისრაელი, ავსტრალია, პოლონეთიდან, ადგილობრივებიც ბევრნი არიან. არიან რუსებიც, რაც აქამდე ასე საერთოდ არ იყო. აგვისტო ყველაზე აქტიურია, 60%-იანი დატვირთულობა გვაქვს, ივლისი-ივნისი 50%-იანი დატვირთულობა გვქონდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება სექტემბერს, სასტუმროს 30-40% უკვე დაჯავშნილია“ - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის: „ფალიანი“ მიმდინარე წელს გაიხსნა და მასში ჩადებულმა ინვესტიციამ $1 მლნ-ს გადააჭარბა. სასტუმრო 18 ორადგილიან, სამადგილიან, საოჯახო ნომრებს, ასევე 14 კაცზე გათვლილ ჰოსტელს, ღია და დახურულ რესტორანსა და ბარს აერთიანებს. „ფალიანში“ ნომრების ფასი 280 ლარიდან 410 ლარამდე მერყეობს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები