2020 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა, ამ ვარდნის მიზეზი ქვეყანაში დაწესებული ახალი "ლოქდაუნი გახდა", რის გამოც ათასობით სავაჭრო და მომსახურების ობიექტი იძულებით დაიხურა. დეკემბერში არსებულმა კლებამ მთლიანად 2020 წლის შედეგებზეც იმოქმედა, რის გამოც, გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გამოეხმაურა. ნათია თურნავას განცხადებით, წინასწარი პროგნოზით,2020-ში ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა 6%-ით და ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, თუმცა მსოფლიო ტრენდის ნაწილია.
„ჩვენ გვქონდა გარკვეული სერიოზული გაჯანსაღება, რომელიც სხვა ქვეყნების ფონზე საკმაოდ სერიოზული სიგნალი იყო სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ ანუ ე.წ. მეორე ტალღამ, მთელ ევროკავშირს, ჩვენს რეგიონს და საქართველოს თავისი დაღი დაასვა. საბოლოო ჯამში კი, შედეგი არის იმაზე მძიმე, ვიდრე თავიდან ვპროგნოზირებდით. ეს ყველაფერი არის ეპიდემიის ზეგავლენა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე, მთავრობის გეგმაზომიერი ნაბიჯები და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები აბსოლუტურად ადეკვატური იყო.
მიუხედავად მაჩვენებლისა, ნათია თურნავას პოზიტიური მოლოდინი აქვს და ამის მაგალითად საერთაშორისო ტრენდები მოჰყავს.
„გამომდინარე საერთაშორისო ტრენდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებიდან, ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი იყოს ეკონომიკური ზრდის და აღდგენის წელი. საშუალოვადიან პერიოდში მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ყველა ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია თანხმდება, რომ საქართველო რეგიონში კვლავ შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიციას 5%-ზე მეტი საშუალო ეკონომიკური ზრდით“, - ამბობს თურნავა.




























