თიბისი კაპიტალის განახლებული მიმოხილვის თანახმად, წლის ბოლომდე ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი შენარჩუნდება, დეკემბერში კი ის სავარაუდოდ 13%-ის ფარგლებში იქნება. BM.GE-თან საუბრისას ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლის მიზეზებზე საუბრისას გასულ პერიოდში ლარის მკვეთრ გაუფასურებას და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ზრდას ასახელებს.
„ინფლაციის ძირითადი მიზეზია წარსულ პერიოდში სუსტი ლარი, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ზრდა. ასევე რაც მნიშვნელოვანია ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ძალიან ძლიერი აღდგენა წელს, უმჯობესდება სამუშაო ბაზარი და ამ კუთხითაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ფასებზე ზეწოლას ახდენს.
შედარებით მაღალი ინფლაცია ბევრ ქვეყანაშია და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც საქართველოში მაინც მაღალია, რაც სასაქონლო ფასებთან ერთად, გაცვლითი კურსის გაუფასურებით იხსნება.
გარდა იმისა, რომ ტურიზმის დანაკლისი იყო შარშან, მთავრობის საგარეო სესხებმა პრაქტიკულად მთლიანად დააკომპენსირა ეს დანაკლისი, თუმცა ჩვენ გვქონდა შოკის გამაძლიერებელი, ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი დაიზოგა ვალუტაში, დაკრედიტება მხოლოდ ლარში იყო და ამან მნიშვნელოვნად გაამწვავა ზეწოლა სავალუტო ბაზარზე, შედეგად მივიღეთ ის რეალობა, რაც მივიღეთ.
რაც შეეხება პროგნოზებს, იმ დაშვებით რომ სასაქონლო ფასები სტაბილური იქნება და ლარის გამყარება რაც გვქონდა, შენარჩუნდება, ვფიქრობთ, რომ შემდეგ ორ თვეში ინფლაცია შეიძლება მცირედით შემცირდეს, მაგრამ დეკემბერში კვლავ მაღალი იქნება, ალბათ 13%-ის ფარგლებში. 2022 წლიდან კი ველოდებით რომ აგრესიულად შემცირდება და მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.“ - განაცხადა ნადარაიამ.




























