მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პერიოდი, როცა ვალუტა ჭარბი რაოდენობით შემოდიოდა და სებ-ი რეზერვებს ავსებდა, დასრულებულია”- ნადარაია

ოთარ ნადარაია

“თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას განცხადებით, პერიოდი, როდესაც საქართველოში დიდი მოცულობით სავალუტო შემოდინებები იყო, დასრულებულია. ამის შესახებ ოთარ ნადარაიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე შესამჩნევია მიგრაციის ეკონომიკური ეფექტის შედარებითი შემცირება, ასევე ეკონომიკური ზრდის ნორმალიზაცია. თიმცა, აღარ არის მოსალოდნელი დიდი მოცულობით ახალი სავალუტო ნაკადების მიღება, რასაც გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

“ჯამური ექსპორტის მაჩვენებლები საკმაოდ დიდი იყო, თუმცა დამატებული ღირებულების შექმნა არც ისე დიდი მოცულობით მოხდა, რადგანაც ძირითადად რეექსპორტი იყო ჩვენი ექსპორტი.

ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებასა და რეზერვების ზრდაზე. ამ ნორმალიზების ფონზე მიგრაციის შემცირება ჩვენ გვქონდა 2024 წლისთვის გათვალისწინებული და შემცირება უკვე არაერთი ინდიკატორით ჩანს. ისრაელის ფაქტორი რა თქმა უნდა არ არის ძალიან დიდი ზომის, თუმცა გარკვეული ეფექტი მაინც აქვს, შესაბამისად სავალუტო შემოდინებების ნორმალიზება ხდება.

როგორც ჩანს პერიოდი, როდესაც ჭარბი რაოდენობით შემოდიოდა სავალუტო რესურსი და ეროვნული ბანკი ავსებდა რეზერვებს, არის დასრულებული.

რეალურად რომ ვთქვათ ჩვენთან ძალიან ბევრი ფული შემოვიდა, რითიც გაიზარდა მათ შორის რეზერვები და ფულის მასის აგრეგატები. ეს თუ დანორმალიზდა და მილიარდზე მეტის შესყიდვა მოხდა ეროვნული ბანკის მიერ. იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი გაიყიდება ალბათ არა, თუმცა ის რომ საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციები იქნება, ეს ასეც ჩანს,”- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ 5.27 მილიარდი დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 960 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები