ფისკალური კონსოლიდაციის პარალელურად, აუცილებელია შეუფერხებლად დაფინანსდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო ვალდებულებაა, - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას გააკეთა.
მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია ხარჯები, როგორც სოციალური ვალდებულებებისა და ჯანდაცვის პროგრამების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის ხელშეწყობის დასაფინანსებლად.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების დაფინანსებაზე მიიმართება 4.553 მლრდ ლარი; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 871 მლნ ლარი; განათლებისა და მეცნიერების დასაფინანსებლად 2.121 მლრდ ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 358 მლნ ლარია გამოყოფილი. ამავე მიმართულებით მუნიციპალიტეტები დახარჯავენ, დაახლოებით, 250 მლნ ლარს; ეკონომიკის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილია 561 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 5.884 მლრდ ლარი; თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გამოყოფილია 2.99 მლრდ ლარი; გარემოსდაცვითი პროგრამების დასაფინანსებლად - 68 მლნ ლარი; სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება კი 173 მლნ ლარს შეადგენს.
პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ხვალ დაამტკიცებს.




























