ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეისთვის ჯანდაცვის სისტემა 30 ათასზე მეტ პაციენტს ემსახურება და სერვისი არის უწყვეტი. როგორც მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე შეიცვალა ტენდენცია და მოქალაქეები კოვიდ-სასტუმროში სამკურნალოდ გადასვლაზე უარს აღარ ამბობენ.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობას გადის ჩვენი 3900 მოქალაქე; ძალიან მიხარია და მნიშვნელოვანია, რომ მიმღეობა სასტუმრო სივრცეებზე მკვეთრად არის გაზრდილი. ჩვენი პაციენტები გადიან იქ მკურნალობას და ეს აღარ არის გარკვეული უსაფრთხოების საფუძველი ჩვენს სასწრაფო ბრიგადებსა და პაციენტებს შორის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც - განტვირთვას, ისე პაციენტების მდგომარეობას.
16 000 მოქალაქე გადის მკურნალობას ბინაზე. დღეისთვის ჯანდაცვის სისტემა ემსახურება 30 ათასამდე კოვიდ ინფიცირებულს და სერვისის მიწოდება არის უწყვეტი. სოციალურ ქსელებში მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ უფრო სტაბილურად გავაგრძელოთ ის ყველა საჭირო ცვლილება და გაუმჯობესება სისტემაში, რომელსაც გეგმიურად მივყვებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




























