მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწორი მართვის პირობებში, გეგმიური ოპერაციების შეჩერებას დიდი უარყოფითი ეფექტი არ ექნება"

5fbbb9ffe88b8
ელენე გოგბერაშვილი
24.11.20 09:45
935
2021 წლის მარტამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გეგმური ოპერაციების დაფინანსება შეჩერდა. შესაბამის ცვლილებებს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს. კლინიკების ნაწილი თვლის, რომ პროცესების სწორი მართვის პირობებში, მოკლევადიან პერიოდში მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნაკლები ზიანის მომტანი იქნება.

„მხოლოდ იზოლირებულად ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი ეფექტის მომცემი, თუ არ მოხდება სამედიცინო სისტემის შესაძლებლობების ოპტიმიზაცია და პაციენტთა მართვის ოპტიმიზაცია. აუცილებელია, რომ მოხდეს ისეთი სამედიცინო ცენტრების იდენტიფიცირება და პრიორიტეტის მინიჭება, რომლებიც გააგრძელებენ არაინფიცირებული ან თუნდაც კოვიდინფიცირებული პაციენტების გადაუდებელ ქირურგიულ და სხვა ტიპის მომსახურებას, რომ ამ სერვისების დეფიციტმა არ შექმნას კიდევ უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე კოვიდი ქმნის.

ამ ეტაპზე ზიანის მომტანი ეს გადაწყვეტილება არ არის, რადგან ვსაუბრობთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე, რომელთა არგანხორციელება არ არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლის და ჯანრთელობის რისკთან. იმავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ შენაჩუნებულია სასწრაფო გადაყვანები და გადაუდებელი სამედიცინო სერვისების დაფინანსება, ამიტომ სწორი მართვის პირობებში არ ექნება დიდი უარყოფითი ეფექტი სისტემისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერიოდში ბევრად უარყოფითი ეფექტი ექნება, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ 2-3 თვიან პერიოდზე, რომელსაც აღვიქვამთ სამომავლოდ ყველაზე დიდ გამოწვევად ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან კოვიდინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის პირობებში, ჯერჯერობით, რთულად ხერხდება ყველას მართვა ჰოსპიტალურ სექტორში. ამას არც ხარჯებზე ექნება დადებითი ეფექტი, მაგრამ აქ უკვე შესაძლებელი ზიანი და სარგებელი უნდა დავდოთ სასწორზე და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი სარგებელი მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე - ზიანი“, - აცხადებს კლინიკა „ქიდს ქო“-ს ხელმძღვანელი ირაკლი გამყრელიძე.

შეგახსენებთ, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე. დადგენილება 2020 წლის 10 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.