"საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, განმეორებით ტექინსპექტირებაზე ფასის დაწესების შემდეგ ავტომობილების დახარვეზების მაჩვენებელმა დაიკლო.
იორდანიშვილი სავარაუდო მიზეზად სავარაუდოდ იმას ასახელებს, რომ ფინანსური წნეხის თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეები მანქანებს ტექინსპექტირებაზე გასვლამდე აწესრიგებენ.
“ცვლილებებმა რაიმე რადიკალური შედეგები არ მოიტანა, არც მიმართვიანობის კუთხით მათ შორის. მიმართვიანობა რაც იყო 2022 წელს, 2023 წლის იანვარ-თებერვალში თითქმის ანალოგიურია. რაც შეეხება დახარვეზების მაჩვენებელს, მას შემდეგ, რაც საფასური დაწესდა, თავად დახარვეზების მაჩვენებელი შეიცვალა, თუ ადრე მაჩვენებელი 30%-ის ფარგლებში იყო, ახლა მცირედით შემცირდა 25%-ია. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ მძღოლებს ავტომობილები მოჰყავთ შედარებით მოწესრიგებულ მდგომარეობაში. იმისთვის, რომ დამატებითი ხარჯი არ გაიღონ, თავადვე იწყებენ ავტომობილის შემოწმებას, მათ შორის მაშუქ ფარებთან მიმართებით“, - განაცხადა იორდანიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა. მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განმეორებითი ტექინსპექტირება 30 ლარი ეღირება, ელექტრომობილებისთვის 15 ლარი, სხვა ავტომობილებისთვის კი 20 ლარი.