საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი “ბიოლში” გაიმართა.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
ბრაიან კემპის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ აჩვენა, რომ საქართველოსა და ჯორჯიის შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო.
“დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ.
მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო”,-წერს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი პეტ უილსონი, რომელიც საქართველოს შტატის გუბერნატორის ბრაიან პ. კემპის ვიზიტის ფარგლებში ეწვია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს - გენადი არველაძესა და ირაკლი ნადარეიშვილს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი და იმ სარგებელის განხილვა იყო, რაც შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ორივე ქვეყანას მოუტანოს.