მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ არ გავლაღდებით, 2 კვირაში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს“ - ამირან გამყრელიძე

609a47b89ce45
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.21 13:17
3190
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება არსებულ რეგულაციებს დაიცავს და „ძალიან არ გალაღდება“, ინფიცირების მაჩვენებელი 2 კვირის შემდეგ შემცირდება.

კითხვის პასუხად - კორონავირუსით ინფიცირების მატების გათვალისწინებით რატომ არ ამკაცრებს სახელმწიფო შეზღუდვებს, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ძირითადი პარამეტრები დაასახელა და თქვა, რომ მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.

„ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს. მათ გააკეთეს 59 ქვეყნის შეფასება და დაწერეს სიკვდილიანობის ანგარიში.

შეფასებითი მაჩვენებლის მიხედვით, თუ დღეს ვამბობთ, რომ მსოფლიოში ადამიანების 3.3 კოვიდის პერიოდში დაიღუპა, ამ მხრივ მათ დადეს რიცხვი 6.9 მლნ, რითაც ძალიან ბევრი ქვეყნის შეფასებითი მაჩვენებლების კორექტირება გააკეთეს. საქართველო ამ ანგარიშში გამოირჩევა იმით, რომ ქვეყნის მიერ დარეპორტებული რეალური მაჩვენებლები და შეფასებითი მაჩვენებლები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.

ჩვენ დღეს დაახლოებით ინიფიცირების 70%-ს ვავლენთ, მაშინ როდესაც შემოდგომაზე 45-50%-ს ვავლენდით.

შემდეგ არის ცხრილი, რომელიც ადასტურებს, რომ პიკურ პერიოდში ვართ, რასაც ჩვენ აპრილის ბოლოს აღვნიშნავდით, რომ მაისის პირველი ორი კვირა და ცოტა მეტი შესაძლოა პიკური პერიოდი ყოფილიყო, რომლის შემდგომაც დაღმასვლა უნდა დაიწყოს. ეს ეპიდემიის განვითარების ბუნებრივი მრუდიც არის და მეორეც ის, რომ გარკვეული რეგულაციები იცვლება და სასიამოვნოა, რომ ბოლო მონაცემებით პირბადის ტარების 76% ფიქსირდება, ეს იდეალური არ არის, თუმცა ბევრად მეტია აპრილის მაჩვენებელზე, როდესაც 50%-ზე ვიყავით ჩამოსული.

დღეს დეკემბრის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა - 31. პროგნოზირება უმადურია და თავს ვიკავებთ ხოლმე პროგნოზებისგან, მაგრამ გარკვეული პარამეტრებით ახლა პიკში ვართ. თუ ყველაფერს ისე დავიცავთ, რომ ძალიან არ გავლაღდებით, 2 კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები