მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ასე გაგრძელდა, პროდუქციას გავაძვირებთ" - მინერალური წყლების ექსპორტი 20-25%-ით შემცირდა

5f8ad31e893b1
ლიკა გურაბანიძე
18.10.20 15:00
1420
“საქსტატის” მონაცემების მიხედვით, საქართველოს TOP-10 საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია. მათ შორის არის მინერალური და მტკნარი წყლებიც, რომელმაც წინა წელთან შედარებით ამ წლის 8 თვეში 21%-იანი კლება აჩვენა. 

ბაზარზე დღეს წარმოდგენილ მსხვილ მოთამაშეებს წლის ბოლომდე ნეგატიური მოლოდინები აქვთ. ამის შესახებ ისინი bm.ge-სთან საუბრობენ. პანდემია, ლარის კურსის არასტაბილურობა და შესაბამისად მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის შემცირება - ეს ის პრობლემებია, რაც სექტორს ექსპორტის მაჩვენებლებს უმცირებს და ადგილობრივ ბაზარზე განვითარებაში ხელს უშლის.

ქვეყანაში ერთ-ერთ მსხვილ ჰოლდინგურ კომპანია „წყალი მარგებელში“, რომელიც "ნაბეღლავს", "ბახმაროს" და "ჯეო ნატურას" აერთიანებს, აცხადებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა მათ საექსპორტო ბაზრებზე დიდ გავლენას ახდენს და ეს საერთაშორისო გაყიდვებზეც აისახა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვან ძალიან ბევრ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა, რამაც მაგალითად "ნაბეღლავის" ექსპორტი შეგვიმცირა. წინა წელთან შედარებით დაახლოებით 20%-იანი შემცირება გვაქვს. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს შესაძლოა, ამ მაჩვენებელმა 30%-საც მიაღწიოს” - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა თინათინ მახარაძემ.

ექსპორტსა და შიდა ბაზარზე გაყიდვების შემცირებულ მაჩვენებლებზე საუბრობს “აქვა გეოც”, რომელიც “სნოს” და “კობის” ბრენდებს აერთიანებს. მისი გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ მაჩვენებლების შემცირების მიზეზი მხოლოდ პანდემია არ არის.

“პანდემიამ, როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრის მაჩვენებლებზე გარკვეული გავლენა იქონია. მინდა გითხრათ, რომ შიდა ბაზარზე საშუალოდ დაახლოებით 25%-იანი კლება გვაქვს. დაახლოებით იგივე სურათი გვაქვს ექსპორტში და აქ არა მარტო პანდემიის თემა დგას, არამედ ისიც, რომ ჩვენ საექსპორტო ქვეყნებში ვალუტის კურსი სერიოზულად მერყეობს, რაც რეალიზაციის რაოდენობაზე თავისთავად მოქმედებს” - აღნიშნა ზურაბ გოზალიშვილმა.

“აქვა გეოს” გენერალური დირექტორის თქმითვე, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსის არასტაბილურობა გაგრძელდება, ეს იმპორტირებულ მასალებზე გავლენას მოახდენს, რაც პროდუქციაზე ფასს გაზრდის. მისი განმარტებით, საუბარია ბოთლზე, თავსახურზე, რომელტა იმპორტიც ხორციელდება, შესაბამისად, ლარის კურსის მერყეობა ფასზე გავლენას ახდენს.

"ცხადია, რომ ეს პროცესი გავლენას საბოლოო ჯამში ჩვენ პროდუქციაზეც იქონიებს. ჯერ ჩვენ იმ სასაწყობე მარაგებს ვხარჯავთ, რაც გვქონდა და პროდუქციის ფასს არ შევხებივართ, თუმცა, თუ პროცესები ასე გაგრძელდა ფასის ზრდა მოგვიწევს” - განმარტა ზურაბ გოზალიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები