„ზოგიერთ ქვეყანაში შეგნებულად არ ვზრდით გაყიდვებს, რადგან დივერსიფიკაცია და სტაბილურობა „ნაბეღლავისთვის“ პრიორიტეტია“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა მიხო სვიმონიშვილმა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების რისკებსა და ექსპორტის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
„ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, რომელიც „მარგებელი ჰოლდინგში“ შედის, 250-მდე პროდუქტის ექსპორტს 26 ქვეყანაში ახორციელებს და მათ შორისაა რუსეთიც, მაგრამ როგორც მიხო სვიმონიშვილი ამბობს, მისი წილი მცირეა და ზოგადად, საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიკაცია კომპანიისთვის პრიორიტეტია.
- ჩვენი, როგორც ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ექსპორტში რომელიმე ერთ ბაზარს დომინანტური წილი არასდროს ჰქონდა. საერთოდ ვცდილობთ, 5%-დან 10% იყოს ერთი ქვეყნის ბაზრის წილი ჩვენ ექსპორტში, რადგან დივერსიფიკაცია არის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა ეკონომიკაში; არავინ იცის, ამა თუ იმ ქვეყანაში რა კრიზისი იქნება - ხან ნავთობი ძვირდება, ხან ვალუტები უფასურდება, ხან აქციების ფასი ეცემა და ამიტომ ერთადერთი სწორი გზა არის დივერსიფიკაცია. ძალიან დიდი ხანია, „ნაბეღლავს“ დაწყებული აქვს დივერსიფიკაცია. ვცდილობთ არაბეთის ბაზრებზე პირველი ნაბიჯები გადავდგათ. უკვე შევედით საუდის არაბეთში - კერძოდ, ერთ-ერთ დიდ ქსელში - „ლულუში“, რომელიც 18 ქვეყანაშია; „ლულუსთან“ პირდაპირი ხელშეკრულება გავაფორმეთ და საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საამიროებსა და ომანში ექსპორტზე გავიტანეთ ჩვენი პროდუქცია და ეს ურთიერთობა გაგრძელდება. ასევე, ჩვენთვის საინტერესოა თურქეთის ბაზარი - ის უზარმაზარია და პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით. „ნაბეღლავი“ 3-4 წელია წარმოდგენილია თურქულ ბაზარზე, მაგრამ ახლა უკვე მსხვილ ქსელებთან დავიწყეთ მოლაპარაკებები.
- როგორი წელი აქვს „წყალი მარგებელს“?
- ვფიქრობ, წელს 2022 წლის შედეგებს გავიმეორებთ. ექსპორტის მიმართულებით შევმცირდით. უკრაინა ჩვენთვის ნომერ პირველი ბაზარი იყო; წყლის ექსპორტი შემცირდა, მაგრამ წვენების და სხვა პროდუქტების მიმართულებით გვაქვს მატება. ზოგიერთ ქვეყანაში შეგნებულად არ ვზრდით გაყიდვებს, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, დივერსიფიკაცია და სტაბილურობა „ნაბეღლავის“ პრიორიტეტია.
- რუსეთი იგულისხმეთ, სადაც ასევე ახორციელებთ ექსპორტს?
- არა მარტო რუსეთი. შვეიცარიული კულტურაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ და სტაბილურად გაიზარდო და ვიცავთ ამ ფორმულას, რომელიც „ნაბეღლავის“ სისხლში ზის.
- რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობა მზარდია. განსაკუთრებით მაღალია ჩვენი ერთ-ერთი TOP-საექსპორტო პროდუქტის - ღვინის ჯამური ექსპორტის წილი რუსეთში, რომელიც 70%-მდეა მეტია... რამდენად დიდ რისკებს ქმნის ეს და როგორ დავშორდეთ რუსულ ბაზარს?
- ეს თითოეული კომპანიის გადასაწყვეტია - როგორ სტრატეგიას აირჩევს; მე, რა თქმა უნდა, არ შევალ იმ დისკუსიაში, ვის რა პოლიტიკა აქვს, მაგრამ ცუდია, ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება...
- გასაგებია, რომ მთავრობა ვერ უკარნახებს ბიზნესს, სად გაყიდოს თავისი პროდუქცია, მაგრამ ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ვასილ მანაგაძემ „წერტილში“ სტუმრობისას გაიხსენა რუსული ემბარგოს პერიოდი - “2006 წელს, რუსეთის ემბარგოს დროს ყველა მთავრობას მოუტრიალდა - როგორ გვიშველითო?“
- რიცხვები გვეუბნება, რომ ღვინის ჯამურ ექსპორტში რუსეთის წილი არის 70%-მდე, რაც არ არის ჯანსაღი; ეს ანაბანაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზოგ კომპანიას აქვს მოკლევადიანი ხედვა. ჩვენი ჰოლდინგი ორიენტირებულია, შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი და ფასებიც ადეკვატური იყოს. ძალიან რთულია ფეხის მოკიდება ტოკიოში, ნიუ-იორკში, სტამბოლში, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია და როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის, ბევრად ჯანსაღია ეს მიდგომა. მე მხოლოდ შემიძლია, ყველას ვურჩიო, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს დივერსიფიკაციაზე - ეს ავტომატურად გამოიწვევს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და გრძელვადიან პერიოდში, ქვეყნისთვის დადებით პროცესი იქნება.