მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა არის საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა - ბიზნესმენი

მარგებელი ჰოლდინგი

„მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელ მიხო სვიმონიშვილის აზრით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და წარმატებისთვის რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო კომპანიის მოზიდვა სჭირდება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც „მარგებელი ჰოლდინგის“ და ისეთი საერთაშორისო ბრენდების პარტნიორობაზე ისაუბრა, როგორებიცაა კომპანია PepsiCo, რომლის პროდუქცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, კომპანია „რაუხი“, რომელთანაც 2017 წლიდან ერთობლივი წარმოება დაიწყო.

„რაუხთან“ ერთად, ნაბეღლავში დიდი ქარხანა ავაშენეთ, სადაც პროდუქციას ვაწარმოებთ. ჩემი აზრით, ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა არის ე.წ. ჰაბის შექმნა და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა, რაც 2017 წელს „რაუხთან“ პარტნიორობით შევძელით; ახლა მოვიდა PepsiCo-ც. ვფიქრობ, ძალიან ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ იმაში, რომ ვეწვიოთ საერთაშორისო კომპანიებს, პარტნიორებს და დავუმტკიცოთ, რომ საქართველო მათთვის როგორც გეოგრაფიულად, ისე ცოდნის კუთხით და შესაბამისად, ინდუსტრიისთვის საინტერესო ქვეყანაა.

ეკონომიკის განვითარებისა და წარმატებისთვის აუცილებელია, შემოვიყვანოთ ისეთი პარტნიორები, რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო გამოცდილება და რაც მთავარია, საერთაშორისო ბაზრები, რადგან ყველაზე რთულია ბაზრების მოპოვება ამა თუ იმ ქვეყანაში და ვისაც უკვე ე.წ. გაყიდვის წერტილში თავისი თარო დაკავებული აქვს, შემდეგ ძალიან მარტივად შედის ახალ ქვეყანაში. ახალი ბაზარი კი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, მეტ ინვესტიციას, მეტი თანამედროვე ტექნოლოგიის იმპორტს ქვეყანაში, მეტ ახალ სამუშაო ადგილს და ჯამში, ინდუსტრიის განვითარებას - იკვრება წარმოების მთელი ჯაჭვი.

ამაყები ვართ, რომ „ნაბეღლავმა“ თავისი იმიჯით და მაღალი სტანდარტით მოახერხა, ჰყავდეს საერთაშორისოდ ცნობილი პარტნიორები და თან ვიყოთ ქართული კომპანია - მაჟორიტარული წილის მფლობელები ვართ ქართველები“, - “, - განაცხადა მიხო სვიმონიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები