მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ კერძო საპენსიო ფონდს მასტიმულირებელი მექანიზმები არ ექნება, სახელმწიფო საპენსიო ფონდთან კონკურენცია გაუჭირდება"

6155d37d0b242
ელენე გოგბერაშვილი
30.09.21 21:30
405
მთავრობა კერძო-დაგროვებითი საპენსიო სისტემის მხარდაჭერის მიზნით, ახალი მარეგულირებელი ნორმების მიღებას გეგმავს, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე შემუშავებულია. მეტ დეტალზე დღეს ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად უშუალოდ ამუშავებს ცვლილებებს, დამატებით განმარტებებს არ აკეთებს, თუმცა მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი განმარტებითი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კერძო-დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმირების ვალდებულება საქართველომ EU-სთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც აიღო.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს 1 მილიონზე მეტი მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაშია ჩართული, რის შედეგადაც მათი ხელფასის 6% მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ საპენსიო სააგენტოში ირიცხება. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ამ სისტემაში დაგროვილ პენსიებს “მეორე სვეტის” პენსიები ეწოდება, რადგან “პირველი სვეტის” პენსიები ქვეყანაში დღეს მოქმედი ასაკობრივი პენსიაა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებულია ასევე “მესამე სვეტის” პენსიებიც, რაც მოქალაქეთა ნებაყოფლობით საპენსიო დანაზოგებს და უშუალოდ დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ საპენსიო ბენეფიტებს გულისხმობს.

რა წამახალისებელ მექანიზმებს შემოგვთავაზებს ახალი კანონი, ჯერ უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში საბოლოო დოკუმენტის შემუშავებამდე კომენტარი არ კეთდება.

საპენსიო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს კერძო საპენსიო ფონდების განვითარება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენია. როგორც ლევან სურგულაძე ამბობს, კერძო ფონდების პერსპექტივა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, დაიბეგრება თუ არა საპენსიო შენატანები და მიიღებს თუ არა კერძო ფონდები იმ შეღავათს, რაც დღეს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოზე ვრცელდება.

„საზღვარგარეთ ძალიან გავრცელებულია ისეთი საპენსიო ფონდები, რომელთა წესი განსხვავდება სხვადასხვა მასტიმულირებელი პირობებით. აქ მნიშვნელოვანია მოქალაქე ზოგავს უკვე დაბეგრილ თანხას, თუ დაუბეგრავს. მეორე, დამსაქმებელი თუ მონაწილეობს სოლიდარულად დასაქმებულის სასარგებლოდ და მასაც თუ შეაქვს თანხა, რა მიდგომაც გავრცელებულია დასავლეთში. სახელმწიფო ასეთ სქემებში როგორც წესი არ მონაწილეობს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის საშუალებას აძლევს როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს ეს თანხა დაუბეგრავად დაზოგოს და ასევე მნიშვნელოვანია პენსია როგორ იბეგრება და იბეგრება თუ არა საერთოდ. ეს არის ის, რამაც უნდა მისცეს სტიმული, რომ ის გაწევრიანდეს ასეთ კერძო სქემაში. საქართველოში ამჟამადაც მოქმედებს ასეთი კერძო სქემები, თუმცა მასში მონაწილეთა რიცხვი ძალიან მცირეა. პრობლემატურია ასევე კვალიფიციური აქტივების მმართველი კომპანიების მოძიებაც და თუ უცხოურს დავიქირავებთ, მათი ფასი ისეთი ძვირია, რომ პატარა ფონდი ამ ხარჯს ვერ გასწევს.

მოქალაქეები ასევე შეხედავენ, რა შედეგი ექნება არსებულ საპენსიო ფონდს, ამის მიხედვით გადაწყვეტენ დამატებით ისინი უნდა გაწევრიანდნენ თუ არა სხვა კერძო ფონდებში. როგორც ვიცით კომერციულ ბანკშია საპენსიო დანაზოგები განთავსებული, ისიც ლარში და კერძო სქემის პოტენციური მონაწილეებისთვის ეს შეიძლება არ იყოს მასტიმულირებელი გარემოება. ახლა დაზოგვა ხდება საპენსიო ფონდში შედარებით უკეთეს პირობებზე, ვიდრე ეს შეიძლება იყოს კერძო საპენსიო ფონდში. აქ ხდება შემოსავლის დაბეგვრამდე დაზოგვა, სახელმწიფო და დამსაქმებელი სოლიდარულად ზრუნავს ბენეფიციარზე, მათ შენატანს ერიცხება მყისიერი სარგებელი და გაცემული პენსიაც არ იბეგრება. თუ კერძო საპენსიო ფონდს არ ექნება მსგავსი მასტიმულირებელი მექანიზმები, გაუჭირდება კონკურენცია გაუწიოს სახელმწიფოს მიერ დაარსებულ საპენსიო ფონდს“, - აცხადებს ლევან სურგულაძე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში კერძო საპენსიო ფონდების განსაკუთრებულ პოპულარობას არ ელოდება.

„ჯერ არსებულ ფონდში არის ბევრი საქმე, საინვესტიციო პოლიტიკის გამართვა იქნება თუ საინვესტიციო პროცესის დაწყება და გამართვა და ასევე რისკის კონტროლის სისტემის შექმნა და გამართვა“,-აღნიშნავს საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები