World Sightseeing Tbilisi-ის დამფუძნებელი, გერმანე ჭელიძე ტურიზმის სექტორისთვის ქონების გადასახადის ჩამოწერას უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ ტურიზმის მხარდასაჭერად მიიღო.
“ქონების გადასახადის ჩამოწერის საშუალებით, კომპანიაში 13 ათასი ლარი დავზოგეთ, რაც ამ რთულ ვითარებაში ნამდვილად დიდი შეღავათია, თუმცა მხარდაჭერა ამით არ უნდა დასრულდეს და მთავრობას კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. რაც შეიძლება მეტი ღონისძიება უნდა დაიგეგმოს და მსოფლიოს უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენთან უსაფრთხოა. ტურისტებს ეშინიათ საქართველოში ჩამოსვლა, რადგან რეგიონი მათთვის საშიშია. ამიტომ ეს დამოკიდებულება უნდა შევაცვლევინოთ სწორი მარკეტინგული კამპანიებით.
მაგალითად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატი ტარდება კალათბურთში და საერთოდ არავინ იცის ამის შესახებ, არადა ახლა უნდა დავიწყოთ საუბარი და ინფორმაციის გავრცელება, რომ მეტი ადამიანი დავაინტერესოთ, წინასწარ დაგეგმონ ტურები საქართველოში და ჩემპიონატზე დასასწრებად ჩამოვიდნენ,” - აღნიშნავს გერმანე ჭელიძე.
მისივე თქმით, საჯარო სექტორი არ იზიარებს კერძო სექტორის მოსაზრებებს, საჭიროებებს და არ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.
“კონტაქტი არ გვაქვს საჯარო სექტორთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომელსაც თავის მხრივ, უკვე მესამე წელია ხელმძღვანელიც კი არ ჰყავს, გადაწყვეტილების მიმღები პირი არავინაა და მე ვერ ვგრძნობ სახელმწიფოს მხარდაჭერას. ისიც კი არ ვიცით, პრობლემებზე ვის ველაპარაკოთ,” - ამბობს World Sightseeing Tbilisi-ის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, ტურიზმის სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება. პრემიერი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია გასული 2 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაზარალდა. საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.