მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს - მაია ომიაძე

მაია ომიაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები აქვს და ფიქრობს, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება. ამის შესახებ მან მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაია ომიაძემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს.

„2024 წლის პირველი ორი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ტურისტი ეწვია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანალოგიურ პერიოდთან 2023 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით თითქმის 6 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე. ეს იქნება: ევროპა, სპარსეთის ყურის ქვეყნები. ინდოეთში გვაქვს უკვე ახალი ურთიერთობები, მათ შორის საერთაშორისო მედიასთან და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში მესამე კვარტალის, ზაფხულის ბოლოს შეჯამებით, ძალიან კარგი ტურისტული სეზონი გვექნება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

შეგახსენებთ, როგორც გასულ თვეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმაც განაცხადა, წლევანდელი წელი ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდული და ისტორიაში ყველაზე წარმატებული იქნება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წელს ქვეყანა ტურიზმიდან $4,5 მილიარდის შემოსავალს ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები