„თიბისი კაპიტალის“ COVID-19-ის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის ივნისის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, წინა- მაისის შეფასებასთან შედარებით, 2020 წლის ტურისტული შემოდინებების კლების პროგნოზი გაუარესებულია და 75%-ს შეადგენს.
როგორც „თიბისი ბანკის” მაკრო-ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, ტურიზმში მოლოდინების გაუარესებაზე რეგიონის ქვეყნებში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოქმედებს.
„ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მხარს ვერ ავუვლით და საერთო გაუჯობესებასთან ერთად, რაც ევროკავშირის ქვეყნებში შეიმჩნევა, შედარებით გაუარესებულია ვითარება რეგიონის ქვეყნებში, რაც ჩვენი ტურიზმის პროგნოზზე ნეგატიურად აისახა და წინა კვლევის პუბლიკაციაში თუ ველოდით ტურისტების შემოდინების 65%-იან კლებას, ამჯერად ეს მაჩვენებელი 75%-იანი ვარდნით შევცვალეთ. თუმცა ამის მიუხედავად საბაზო სცენარით რჩება ის, რომ ტურიზმი 2019 წლის დონეზე დაბრუნებას 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს, რის საშუალებასაც სავარაუდოდ ჯანდაცვის სისტემის პროგრესთან ერთად 2021 წლის პირველ ნახევარში ვაქცინის შექმნაც გამოიწვევს“, - განაცხადა ალექსანდრე ბლუაშვილმა.
მისივე განმარტებით, ზაფხულში ტურიზმის ეტაპობრივი ამოქმედება მდგომარეობას გამოასწორებს, თუმცა წლიური ვარდნა მაინც დიდი იქნება.
„სავარაუდოდ, რეგიონის ქვეყნებთან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა 2-3 თვეზე ადრე არ მოგვეცემს საშუალებას, რომ გავხსნათ საზღვრები.
ევროკავშირთანაც სავარაუდოდ მეტი დრო დასჭირდება ტურისტული დერეფნების შექმნას, თუმცა ველოდებით, რომ ზაფხულის განმავლობაში ეტაპობრივად მცირედი გაუმჯობესება იქნება. თუმცა 75%-იან ვარდნა წლის განმავლობაში ჯამში ძალიან დიდი ვარდნაა“, - განაცხადა თიბისის მაკრო-ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა.