ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უცხო ქვეყნებში აცრილი საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციის აღიარებისთვის პირმა გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეების ადგილობრივ სისტემაში ასახვას და იმ ბენეფიტების მიღებას ეხებოდა, რითაც აცრილები ქვეყანაში სარგებლობენ.
„უცხო ქვეყნებში აცრილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაციის აღიარება ძალიან მარტივად ხდება იმ ცნობის საფუძველზე, რომელიც მათ ჩამოტანილი აქვთ და ამ ცნობაში მითითებულია მათ მიერ პირველი დოზის ჩატარების საკითხი. ეს პირველივე დღიდან მოქმედებს ქვეყანაში. ამ ცნობით მათ უნდა მიმართონ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მოხდება მისი ასახვა სისტემაში და შემდეგ ჩაიტარებს მეორე დოზას, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არავის შეჰქმნია. შესაძლოა პროცედურული საკითხების გავლაა საჭირო, მაგრამ ეს მექანიზმი ძალიან მარტივად მოქმედებს“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.