მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოელი აგენტების შესახებ კანონი არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე" - ჰელსინკის კომისია

6406176d7ffcc
BM.GE
06.03.23 20:21
904
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე განცხადება გაავრცელა.

"იმ ცნობების პასუხად, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონმდებლობას, რომელსაც შემზარავი გავლენა ექნება საქართველოს მრავალფეროვან სამოქალაქო საზოგადოებაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, თანათავმჯდომარე ბენ კარდინი, წევრი სტივ ჯოენი და წევრი როჯერ უიკერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა, ანტიდემოკრატიული, რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონი თუ ამოქმედდა, ამით უარყოფილი იქნება ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები და გამოიკვეთება ქართული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა. ასევე, ეს იქნება დემონსტრირება ახლანდელი მთავრობის მზარდი სიახლოვისა რუსეთთან, იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

ეს კანონი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია. მთავრობის პოზიციის მიუხედავად, ეს არ შეიცვლება. ამ მეგობრობის სულისკვეთებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს ინიცირებული კანონპროექტი და ხელახლა აღუთქვას ერთგულება დემოკრატიას", - წერია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. მასში ამერიკის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები