მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოური გავლენის აგენტებზე" შესული კანონპროექტის არცერთი ვერსია საქართველოს არ სჭირდება - დეგნანი

63ff5f9dcfd5c
მარიამ ვარადაშვილი
01.03.23 18:29
1396
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ უცხოური “გავლენის აგენტებზე" შესული კანონპროექტის არცერთი ვერსია საქართველოს არ სჭირდება.

მეტიც, დეგნანი ფიქრობს, რომ პარლამენტის ნებისმიერი წევრი, რომელიც ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი.

“აქ რეალური კითხვაა, თუ რა არის საქართველოს ინტერესი. ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყანას ეს კანონი არ სჭირდება. ასევე ნათელია, რომ ნებისმიერი, რომელიც ამ რომელიმე ვერსიას მხარს დაუჭერს, პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებაზე. გაერო, ევროკავშირი, აშშ, ევროპის საბჭო, საქართველოს მეგობრები მთელ მსოფლიოში მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს პროექტი.

ეს პროექტი გააჩერებს ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ ქართველებს. იმ ქართველებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ ან მათ, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კეთილდღეობისა და დემოკრატიისთვის. ჩემი კითხვაა რა არის ამის რეალური მიზანი?! რა არის ამ კანონპროექტის უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებაზე. არადა ქართველების უმრავლესობამ ნათლად დასახა ის როგორც მთავარ პრიორიტეტად”, - ამბობს დეგნანი.

"ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები