"უკრაინა მზადაა, დათანხმდეს ნეიტრალურ სტატუსს, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების ძალიან ძლიერ გარანტიებს ითხოვს" – ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს რუსულ–უკრაინული მხარეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც თურქეთში, სტამბოლში შედგა. ნეიტრალურ სტატუსში იგულისხმება, რომ უკრაინა არ შეუერთდება სამხედრო ალიანსებს, მაგალითად, NATO-ს და არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს საკუთარ ტერიტორიაზე.
„კომპრომისს არ ექვემდებარება საკითხი, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ჩვენ ვითხოვთ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იქნება, ეს დოკუმენტი უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-5 მუხლის ანალოგი. უკრაინამ შესაძლოა აიღოს ვალდებულება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ განათავსოს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და აიღოს ვალდებულება არ გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი, თუმცა ჩვენს მიერ მყარად იყო ნათქვამი, რომ ამ პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. ჩვენთვის პრინციპული საკითხი შეთახმებაში იმის დაფიქსირება იყო, რომ უკრაინა იქნება ბლოკს მიღმა ნეიტრალური სამხედრო სტატუსის მქონე ქვეყანა და არ ექნება ბირთვული იარაღი, თუმცა უკრაინა ევროკავშირისკენ სვლას გააგრძელებს“, - განაცხადა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა ალექსანდრე ჩალიიმ.
რაც შეეხება უშუალოდ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლის მიღებაც უკრაინას სურს. ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარია NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი დათქმის დაწესებაზე. ანუ თუ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელდა რაიმე ტიპის სამხედრო აგრესია, კონფლიქტში უკრაინის სასარგებლოდ გარანტორი ქვეყნები უნდა ჩაერთონ. გარანტორად კი უკრაინელები გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს ასახელებენ:დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, რუსეთს, აშშ–ს, საფრანგეთს, თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთსა და ისრაელს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ჯერ უკრაინაში რეფერენდუმი უნდა ჩატარადეს და გადაწყდეს, ეთანხმება თუ არა მოსახლეობა უსაფრთხოების ამ გარანტიებს და ამ დათქმებს. რეფერენდუმის შემდეგ, ეს დოკუმენტი წარედგინება გარანტორი ქვეყნებისა და უკრაინის პარლამენტს რატიფიცირებისთვის, რათა მას საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსი ჰქონდეს.
"თავდაპირველად ეს იქნება რეფერენდუმი, სადაც უკრაინის ყველა მოქალაქე საერთაშორისო შეთანხმებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას დააფიქსირებს. ამის შემდეგ გარანტორი სახელმწიფოებისა და უკრაინის პარლამენტში ამის რატიფიცირება მოხდება. ეს საკვანძოა. ანუ ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერა უნდა მივიღოთ, რომ საერთაშორისო შეთანხმებამ იმუშაოს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
რაც შეეხება ოკუპირებულ ყირიმს, ეს საკითხი ცალკე შეთანხმების საკითხს წარმოადგენს. უკრაინული მხარის წინადადებაა, რომ 15 წლის განმავლობაში ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყოს, მანამდე კი ამ პროცესის წარმოების შესახებ უკრაინამ და რუსეთმა პოზიციები უნდა დააფიქსირონ.
ცალკე პუნქტად უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს: ყირიმის საკითხზე მოლაპარაკებების წარმოების პროცესში მხარეები სამხედრო და შეიარაღებულ ძალებს არ გამოიყენებენ.
„რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ეს საკითხები ცალკე პუნქტად არის გატანილი, რომელიც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკების ფარგლებში განიხილება. ანუ ყველა საკამათო საკითხი მეტ-ნაკლებად განხილულია და ჩვენი წინადადებები გაკეთებულია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.




























