მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა შეიქმნას ქვევრის ღვინის სტანდარტი" - მეღვინე

639890cb727ad
თინათინ ნატმელაძე
14.12.22 10:00
548
"ტყუპების საღვინე სახლის" დამფუძნებლებმა, გელა და გია გამტკიცულაშვილებმა გადაცემა "Forbes კვირას" ეთერში საქართველოში ქვევრის ღვინის წარმოების ხელშეწყობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა, ეს საკმარისი არ არის.
მათივე ცნობით, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვევრის ღვინის გაწერილი და დამტკიცებული სტანდარტის დანერგვაა, რომელიც მასა და ინდუსტრიულ ღვინოს შორის განსხვავების პოვნის პროცესს გაამარტივებს.

"ქვევრის ღვინო არის საქართველოს სავიზიტო ბარათი, ჩვენ ბოლო პერიოდში აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან და მათ ყოველთვის აქვთ შეკითხვები ქვევრზე და ქვევრის ღვინოზე.

სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა ქვევრის ღვინის წარმოების ხელშესაწყობად - ჩანაწერი კანონში, ქარვისფერი ღვინის შემოსვლა და ქვევრის ღვინის გეოგრაფიული დაპატენტება - თუმცა, ეს საკმარისი არ არის, უცხოელებს კითხვები უნდა გავუქროთ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ქვევრის ღვინის გაწერილი და დამტკიცებული სტანდარტი უნდა შეიქმნას. კი, ბევრი სპეციალისტია საქართველოში, რომელიც კარგად არჩევს ქვევრის ღვინოს და ბევრი კარგი ღვინოც იქმნება, მაგრამ თვითონ კანონმდებლობის და სტანდარტის თვალსაზრისით გარკვეული ხარვეზებია - აქ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, უფრო მეტი ღვინო უნდა გაისინჯოს, უფრო მეტი შეხვედრები ჩატარდეს და მონაწილეობა როგორც მეღვინეებმა, ისე სხვა დარგის სპეციალისტებმაც უნდა მიიღონ", - აცხადებენ გელა და გია გამტკიცულაშვილები.

ტყუპი ძმების ცნობით, გარკვეული ნაბიჯები ქვევრის დამზადების კუთხითაც გადასადგმელია, რადგან ჭურჭელი ღვინის ტექნოლოგიურად დამზადებაში მნიშვნელოვნად მონაწილეობს, რაც ქვევრის მოდერნიზაციასა და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებას აუცილებელს ხდის.

"ჩვენ მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევებით საქართველოში არსებული ყველა სააბატოს თიხის მინერალი შევისწავლეთ, ამ კვლევებს ჯერ კიდევ ვაწარმოებთ და საინტერესოა იმ კუთხით, რომ თვითონ ქვევრის დამზადების პროცესი განახლებას, მოდერნიზაციას და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებას საჭიროებს.
ქვევრი, როგორც სასურსათო ტექნოლოგიური პროდუქტის დამამზადებელი ჭურჭელი, მნიშვნელოვნად მონაწილეობს ღვინის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესში, სწორედ ამიტომ, ეს სისტემა უნდა განვითარდეს და პროცესში სახელმწიფო და ბიზნესი ერთიანი ძალებით უნდა ჩაერთონ", - განმარტავენ გამტიკცულაშვილები.

ძმები "Forbes კვირას" ეთერში ასევე აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ ქვევრების დამზადების დაწყებას თავადაც გეგმავენ, თუმცა, ამ საკითხს ჯერჯერობით ძალიან ფრთხილად უდგებიან.

შეგახსენებთ, რომ "ტყუპების საღვინე სახლი" ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს, წარმოების დაწყებიდან დღემდე კომპანიის მთავარი ხაზი, ანუ 97%, ქვევრის ღვინის წარმოებაა. ამჟამად წლიურად 500 000 ბოთლ ქვევრის ღვინოს აწარმოებენ, რომელთა გარკვეული ნაწილი ექსპორტზე გადის, ხოლო საქართველოში ვაკეში მოქმედ მათ ბრენდულ მაღაზიაში, ასევე "სმარტში", "ფრესკოში", "ევროპროდუქტში" და "უნივერსამში" იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები