"ვენდოთ მეცნიერებას და არა facebook-ით გავრცელებულ ათას ჭორ-მართალს", - ამ სიტყვებით მიმართავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მან განცხადება გააკეთა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა და თქვა, რომ "აცრით ახლობლების, შვილების და მშობლების ჯანმრთელობას ვიცავთ".
„მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. კითხვაზე - რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია, პასუხი არის ერთი - აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია, პრაქტიკულად, გამორიცხულია. მოვუწოდებთ ყველას, ავიცრათ და დავიცვათ როგორც საკუთარი, ისე ახლობლების სიცოცხლე. უნდა დავიცვათ ჩვენი ახლობლების, მშობლების და შვილების ჯანმრთელობა.
ვაქცინების თაობაზე ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. მინდა, ვთხოვო ყველას, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს, მეცნიერებას და არა facebook-ით გავრცელებულ ათას ტყუილს და ჭორ-მართალს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან, ზოგადად, ვაქცინების მარაგებსა და სახეობებზეც ისაუბრა.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს არის ამერიკის დახმარება და მადლობა პრეზიდენტ ჯონ ბაიდენს ამისთვის. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ მილიონნახევარი დოზა ვაქცინა უკვე ჩამოვიდა და ადგილზეა. ანუ ახლა ადგილზე გვაქვს 2.5 მლნ დოზა ვაქცინა - 1.5 დოზა ჩინური და ნახევარი მლნ „ფაიზერი“. ამას გარდა, მილიონი დოზა „ფაიზერი“ დავუკვეთეთ მწარმოებელს, მოწოდება დაწყებულია და გრძელდება კიდეც. ჯამში, კიდევ შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა, რომელიც შემოვა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას“, - აღნიშნა მან.




























