მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ დავეთანხმები, რომ ისინი ვერ აბარებენ პროდუქციას" - ოთარ შამუგია ხვალ მეხორბლე ფერმერებს შეხვდება

64413803e79db
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 17:16
838
სოფლის მეურნეობის მინისტრი მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდაჭერას ხორბლის საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით გეგმავს. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან თქვა, რომ არ სჯერა იმ მოცემულობის, რომ ფერმერები დარჩენილ ხორბალს ვერ აბარებენ და დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრას ხვალ გეგმავს. მინისტრმა ყურადღება პურის შემცირებულ ფასზე გაამახვილა და თქვა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება პურის გაიაფების დინამიკის შემცირების შენარჩუნებიდან გამომდინარე მიიღება.

„ზოგადად, მსოფლიო ბაზარზე იმის გათვალისწინებით, რომ დიდ მწარმოებლებს ძალიან დიდი მოსავალი ჰქონდათ, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, ამის შედეგად წინა კვირას ვნახეთ, რომ ქვეყანაში შემცირდა პურის ფასი და მოსახლეობას ამ პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, იმ ფერმერებს, რომელთაც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია აქვთ, რომლის ჩაბარება დღეს უწევთ, ვერ დავეთანხმები, რომ ისინი ვერ აბარებენ ამ პროდუქციას, ეს ნამდვილად არაა ასე, როგორ შეიძლება პროდუქცია ვერ ჩააბარო... საუბარია ფასზე, რომ მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის. მე ხვალაც მექნება მათთან შეხვედრა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს - ერთი მხრივ, ჩვენთვის პრიორიტეტულია, არ მოხდეს პურზე ფასების მატება და პურის ღირებულების შემცირების დინამიკა შევინარჩუნოთ და მეორე - ფერმერებს თავისი პროდუქციის რეალიზების საშუალება მივცეთ. რა თქმა უნდა, ეს იმ საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომელიც დღეს არსებობს. სხვანაირად რთული იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა.

ჩვენ მზად ვართ შემოდგომაზე წარმოების ნაწილში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, რათა მათ კიდევ უფრო მეტი პროდუქციის წარმოება შეძლონ და შეამცირონ პროდუქციის წარმოების თვითღირებულება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გასულ წელს სახელმწიფოს ხელშეწყობის შედეგად ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობა გაიზარდა და 2022 წელს 157 000 ტონა ხორბალი იწარმოა.

„ჩვენი მოლოდინით 2023 წლის მოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ეს იმ მხარდაჭერით იქნა შესაძლებელი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, 4 000 ფერმერს საბრუნავი საშუალებები შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დავუფინანსეთ და მათ ჰქონდათ საშუალება, ეს იაფი ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ და შარშანვე ხორბლის ნათესი ფართობები ქვეყანაში 6 000 ჰა-ით გაიზარდა. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. რამდენიმე წლის წინ საშუალო მოსავლიანობა 2 ტონას არ სცდებოდა, როდესაც გასული წლის მონაცემებით 1 ჰა-ზე ხორბლის საშუალო მოსავლიანობა 3 ტონაა. ამ ნაწილში უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ჰექტარზე 2-3 ტონა კი არა, 5-6 ტონა მოიყვანონ და იაფ ფულად რესურსსა და ხარისხიან მასალაზე მიუწვდებოდეთ ხელი და ამ კუთხით მივცეთ მათ თვითღირებულების შემცირების საშუალება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები