მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბის" გაყიდვასთან დაკავშირებით, ყველაფერი გამჭვირვალედ მოხდება - ლეჟავა

63340dee186ef
შოთა ტყეშელაშვილი
28.09.22 13:12
714
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ VTB ბანკის გასხვისებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ლეჟავას განცხადებით, ის ამჟამად საკითხის კომენტირებისგან თავს შეიკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ნებისმიერი გარიგება, რაც ბანკის გასხვისებასთან იქნება კავშირში, გამჭვირვალედ წარიმართება.

“რაც შეეხება "ვითიბი ბანკის" გასხვისების საკითხს, თავს შევიკავებდი ამ საკითხის კომენტირებისგან, რადგან ამის უფლება არ მაქვს. თუმცა, გარმწუნებთ, რომ ყველა ტრანზაქცია, რაც შეიძლება მოხდეს ვითიბი ბანკთან დაკავშირებით, იქნება სანქციების სრული დაცვით და მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ის ცნობილი გახდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

BMG-ის ინფორმაციით, ბანკის მყიდველი, სავარაუდოდ, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი იქნება, რომელიც 2013-2022 წლების განმავლობაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ჰოლდინგ "სისტემას" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას Intracom Telecom-ს მართავდა. 25 ივლისს ხიდაშელმა BMG-ისთან საუბარში ბანკის შეძენის ინტერესი არც უარყო და არც დაადასტურა. "შეგატყობინებთ, როგორც გავაკეთებ ან შევიძენ რამეს,"- განაცხადა ხიდაშელმა.

“ვითიბი ბანკმა”, რომელიც თებერვლიდან მოყოლებული აშშ-ის ხაზინის სანქცირებულ პირთა სიაშია, საქართველოს ეროვნულ ბანკს 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგება წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, “ვითიბიმ” სანქციების შედეგად 91.5 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. ბანკმა საკუთარი აქტივების, სესხებისა და დეპოზიტების უდიდესი ნაწილიც დაკარგა.

სანქციების დაწესებისთანავე, ვითიბის სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელები, ასევე ინფრასტრუქტურა და პერსონალი ბაზისბანკმა და ლიბერთი ბანკმა გადაინაწილეს. შედეგად, ბანკის ფინანსური მაჩვენებლები ასე შემცირდა:

აქტივები - 471 მილიონი ლარი, კლება 77%;
სესხები - 311 მილიონი ლრი, კლება 79%;
დეპოზიტები - 42.6 მილიონი ლარი, კლება 97%.

ბანკის აქციათა 97.4%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.3%-ის მფლობელი არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები