1 ივლისიდან ბიზნესისთვის ახალი რეგულაცია შედის ძალაში. საუბარია იმ ბიზნესსუბიექტებზე, რომლებიც აირზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ. „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელიც აღნიშნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება ნაწარმოები.
მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, 1 ივლისიდან აღნიშნულ ტექნიკაზე გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. ასევე, მწარმოებელი ვალდებულია, მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. მსგავსი ვალდებულება როგორც - ტექნიკაზე, ისე საამწყობრო ნაწილებზე ვრცელდება.
კერძო სექტორი ამბობს, რომ ბაზარზე რეგლამენტის შესაბამისად ნაწარმოები პროდუქცია თითქმის არ არსებობს, შესაბამისად, თუ რეგულაციის გადავადება არ მოხდება, გამოდის ბაზარი მომხმარებლისთვის საჭირო ტექნიკის გარეშე დარჩება.
რეგლამენტი ბიზნესს შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნას მხოლოდ მოწყობილობებზე არ უწესებს. რეგულაცია ვრცელდება მათ შორის საამწყობრო ნაწილებზეც, რა მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კერძო სექტორის თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან მწარმოებელი კომპანიები მსგავს დოკუმენტს არ გასცემენ. შესაბამისად, გამოდის, რომ 1 ივლისიდან ამ მიმართულებით კომპანიები ვერც სერვისის მომსახურებას გასწევენ და ვერც საგარანტიო ვალდებულებებს მოემსახურებიან.
ბიზნესისთვის პრობლემაა ნაშთების საკითხი და იმ პროდუქციის ბედი, რომელიც შეუკვეთეს, თანხაც გადაიხადეს და ტრანსპორტირების ფაზაშია. კერძო სექტორი აცხადებს, რომ საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე, რაც 1 ივლისიდან ბიზნესმა შეიძლება დაკარგოს.
სექტორი გამოსავალს რეგულაციის მოქმედების გონივრული ვადით გადაწევასა და სექტორთან კონსულტაციების დაწყებაში ხედავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა და თქვა, რომ მიდის მუშაობა "რა შეიძლება გაკეთდეს".
"ჩვენ 2014 წლიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მხარე ვართ, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალ ვაჭრობასთან ერთად იგივე სტანდარტების დანერგვას ჩვენს ბაზარზე არსებული პროდუქციის ხარისხის მიმართულებით. გასულ წელს უნდა შესულიყო ძალაში ერთ-ერთი ეს სტანდარტი, რომელიც გაზზე მომუშავე დანადგარებს ეხება.
ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტია უსაფრთხოების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ უბედური შემთხვევა სწორედ გაუმართავი და უხარისხო გაზზე მომუშავე საყოფაცხოვრებო დანადგარების გამო ხდება. ასევე ეს არის დასტური იმისა, რომ მაღალი ერვროპული ტექნოლოგიური ხარისხის სტანდარტი იქნება ჩვენს ბაზარზე დამკვიდრებული. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება, თუმცა ახლა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კერძო ბიზნესი, მიუხედავად იმისა, რომ ყველასთან იყო გამართული შეხვედრა, შეიძლება პანდემიის გამო, შეიძლება სხვა მიზეზის გამო არ არის ბოლომდე მზად იმისთვის, რომ ეს სტანდარტი 1 ივლისიდან ამოქმედდეს.
ჩვენ ვიხილავთ ომბუდსმენთან ერთად რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ხელი შევუწყოთ ამ ბიზნესის ინეტერსებს, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ იმოძრავებს ევროპული სტანდარტის და ხარისხის დანერგვის მიმართულებით, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას",-განაცხადა მინისტრმა.