პანდემიის კრიზისის ფონზე საქართველოში ბიზნესები ბაზარზე ოპერირებას გასული წლების მსგავსი დატვირთვით ვერა, მაგრამ მაინც აგრძელებენ. თუმცა, სავაჭრო ცენტრები, რომლებიც მომხმარებლების რაოდენობის კლებას და შესაბამისად გაყიდვების მაჩვენებლების მკვეთრ ვარდნას არასდროს უჩიოდნენ, დღეს სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. სექტორს ნაკლებად ოპტიმისტური მოლოდინები აქვს.
„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სავაჭრო სივრცეში მომხმარებლების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.
“დღევანდელი მონაცემებით ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ჩვენთვის სიტუაცია ნაკლებად სახარბიელოა. ჩვენთან სტუმრების რაოდენობა კვირიდან კვირამდე იკლებს და ასევე იკლო ე.წ. საშუალო ჩეკმა.
თუმცა, კომპანიამ კრიზისულ პერიოდს გაუძლო და პანდემიის შემდგომ ყველა გაქირავებული კომერციული ფართით გაიხსნა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ კონკრეტული სტრატეგიები მოიჯარეებთან ერთად შევიმუშავეთ და ასევე "ისთ ფოინთის" ხელმძღვანელობამ მარკეტინგულ სტრატეგიას გადახედა”, - აღნიშნა ლომინაძემ.
„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი ლარის კურსის მერყეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სივრცეში დაკავებულ კომერციულ ფართებზე ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რაც შესაბამისად, მთლიანობაში ბიზნესის მდგომარეობაზეც აისახება.
“ამ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ართულებს ის, რომ ვხედავთ ლარის არასტაბილურობას. ჩვენთან წარმოდგენილი თითქმის ყველა მაღაზია იმპორტიორია და შესაბამისად, მათი პროდუქცია უცხოურ ვალუტას პირდაპირ ებმის. შესაბამისად, ერთი მხრივ ფასების კურსთან ერთად ზრდა ვერ ხდება, ხოლო მეორე მხრივ მაღაზიებს პროდუქცია უძვირდებათ და ამას საბოლოო ჯამში ჩვენზე, როგორც სავაჭრო ქსელზე უარყოფითი გავლენა აქვს.” - განაცხადა ლომინაძემ.
„გლდანი მოლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინა კუხიანიძემ კი განმარტა, რომ პანდემიის გამო მომხმარებლებს მსყიდველუნარიანობა შეუმცირდათ, რაც კომპანიაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
“მომხმარებლების სეგმენტი შეგვიმცირდა. ჩვენ სამეზობლო ტიპის მოლი ვართ და გლდანს, თემქას, ასევე მუხიანს ვფარავთ. შესაბამისად, საგულისხმოა, რომ ამ ტერიტორიაზე ბევრი ბინა ნაქირავებია. ახლა სამუშაო ადგილები გარკვეულ მოწყვლად ჯგუფებში შემცირებულია და შესაბამისად, ის მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად გვყავდა ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ გვსტუმრობს. დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაღაზიებს ბრუნვები შეუმცირდათ.” - აღნიშნა კუხიანიძემ.
რაც შეეხება „გალერია თბილისს“, კომუნიკაციების ხელმძღვანელის ქეთა ახობაძის თქმით, ტურიზმზე დამოკიდებული კომერციული ფართების შემთხვევაში მდგომარეობა სხვა მოიჯარეებთან შედარებით განსხვავებულია.
“გაყიდვებში კლების მაჩვენებელი ობიექტების მიხედვით განსხვავდება და 10-დან 40%-მდე მერყეობს.
ობიექტებში, რომლებიც ტურიზმზე იყო გათვლილი, მაგალითად, როგორიც არის ქართველი დიზაინერების მაღაზიები, გაყიდვების კლება შედარებით მაღალია.” - განმარტა ახობაძემ.