მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვოლტი" კურიერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება

63e0eb0ca208f
BM.GE
06.02.23 16:00
1969
"ვოლტი" კურიერების მიერ გამართულ პროტესტს ეხმაურება. განცხადება კომპანიამ bm.ge-ის მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ 2023 წლის 5 თებერვალს, პარტნიორი კურიერების მიერ გამართულ პროტესტს და პოზიცია გამოვხატოთ პროტესტის დროს პარტნიორი კურიერების მიერ დაფიქსირებულ საკითხებზე.

პარტნიორი კურიერების გარკვეული ნაწილის პროტესტი შემდეგ საკითხებს ეხებოდა:

• დაზღვევასთან დაკავშირებულ თემებს;
• რიგ შემთხვევებში დისტანციის გაზომვას მცირედი ცდომილებით;
• ანაზღაურების მოდელის ცვლილებასა და მის ზრდას.

გვსურს, განმარტება გავაკეთოთ თითოეულ მათგანზე:

დაზღვევასთან დაკავშირებული თემები:

ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან, რათა მომავალში სადაზღვევო შემთხვევები განხილულ იქნას უფრო სწრაფად და პოლისით გათვალისწინებული ანაზღაურება დროულად განხორციელდეს.

რიგ შემთხვევებში დისტანციის მცირედი ცდომილებით გაზომვა:

ვოლტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი კურიერების მიერ რეალურად დაფარული მანძილის სწორი გაზომვა და განვლილი მანძილის შესაბამისად ანაზღაურება. საკითხის გადაწყვეტის მიზნით პარტნიორ კურიერებთან კონსულტაციის გზით, კომპანიის მიერ მოხდა პარტნიორი კურიერების აპლიკაციის რუკის განახლება და ინერგება Google Map-ის ნავიგაცია, რომელიც მოხსნის განვლილი მანძილის გაზომვის სიზუსტის პრობლემას. ამ ეტაპზე, პარტნიორებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეკვეთის დისტანციაში მნიშვნელოვანი ცდომილებები კომპენსირდება ხელით. Google Map-ის ნავიგაცია ტესტირების პროცესშია ქალაქ ბათუმში და მოკლე დროში ამ რუკით სარგებლობა პარტნიორი კურიერებისთვის თბილისშიც იქნება შესაძლებელი.

პარტნიორი კურიერების ანაზღაურება:

2023 წლის 1 თებერვალს ჩვენ დავაანონსეთ შეკვეთების ანაზღაურების განსაზღვრის სრულიად ახალი მეთოდი, რომელიც 2023 წლის 15 თებერვლიდან ეტაპობრივად შევა ძალაში. ახალი სისტემით პარტნიორი კურიერების ანაზღაურება ანგარიშდება დინამიკურად, კონკრეტული შეკვეთის პარამეტრებიდან გამომდინარე. შედეგად, ის მეტად სამართლიანად დაიანგარიშებს მიტანის ანაზღაურების ოდენობას მისი შესრულების ძალისხმევის საფუძველზე, რაც პოზიტიურად აისახება პარტნიორი კურიერების გამომუშავებაზე. ამიტომ, ამჟამინდელი მოთხოვნები არარელევანტურია, რადგან ეხება გამომუშავების ძველი სქემის ცვლილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად შეიცვლება.

გვესმის კურიერების მცირე ჯგუფის უკმაყოფილება და პატივს ვცემთ მათი პროტესტის უფლებას. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია მათ მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა იმ პარტნიორი კურიერების მიმართ, რომლებიც არ უერთდებიან პროტესტს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პატივს ვცემთ პარტნიორი კურიერების მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას. თუმცა, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის აგრესიული და შეურაცხმყოფელი ფორმა, რომელშიც გუშინდელი პროტესტი გადაიზარდა. სამწუხაროდ, პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფმა გამოიყენა მჩაგვრელი და შეურაცხმყოფელი ფორმა სხვა პარტნიორი კურიერების, ჩვენი პარტნიორი რესტორნებისა და კომპანიის თანამშრომლების მიმართ. კომუნიკაციის ეს ფორმა სრულიად მიუღებელია. ჩვენ ყველას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოვუწოდებთ და მენეჯმენტი მზადაა დიალოგის ფორმატში მოვისმინოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერებს აწუხებთ." - განმარტავს ნატალია ხიზანიშვილი, ვოლტის რეგიონალური გენერალური მენეჯერი.

ცნობისთვის, გუშინ Bolt-ის მძღოლებმა აქცია გუშინ გამართეს, რომელთაც "ვოლტის" და "გლოვოს" კურიერებიც შეუერთდნენ. bm.ge სამივე კომპანიას დაუკავშირდა. Bolt-ში კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო "გლოვოში" ამბობენ, რომ მათი კურიერები აქციას მხოლოდ სოლიდარობის მიზნით შეუერთდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები