მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვოლტის" სათავო ოფისის ოფიციალური განცხადება

64240c3b2caa8
BM.GE
29.03.23 13:57
1021
კომპანია "ვოლტი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებით ეხმაურებიან საპროტესტო აქციას, რომელიც დღეს გაიმართა.

"გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა ვოლტ საქართველოს მენეჯმენტის მიმართ. ეს გუნდი ვოლტთან ერთად 2018 წლიდან მუშაობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ვოლტ საქართველო ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენლობაა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კომპანია გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა. პარტნიორი კურიერების ნაწილი მართავს საპროტესტო აქციებს. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს თანამშრომლებსა და პარტნიორებს უსამართლოდ მოექცნენ - მიაყენეს შეურაცხყოფა, გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ სხვა პარტნიორ კურიერებს. ეს ნამდვილად არ არის პროტესტის მისაღები ფორმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორმა კურიერებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

ვოლტ საქართველოს გუნდმა არაერთხელ შესთავაზა პარტნიორ კურიერებს, გადასულიყვნენ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე და დასწრებოდნენ შეხვედრებს. შეთავაზება კვლავ ძალაშია. დიალოგის გარეშე პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. ვიმედოვნებთ, რომ აქციის მონაწილეებიც გადმოვლენ დიალოგის რეჟიმზე. ჩვენ განვაგრძობთ რეგულარულ, ყოველკვირეულ შეხვედრებს ჩვენს პარტნიორ კურიერებთან ყოველ ოთხშაბათს.

გაჟღერებული ბრალდებებისა და მოთხოვნების საპასუხოდ, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ Partner App-ის განახლება არის გლობალური პროცესი, რომელიც ხორციელდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ვოლტი ოპერირებს. ჩვენ არ ვგეგმავთ ძველ ვერსიაზე დაბრუნებას. ასევე, არ იგეგმება საკადრო ცვლილებების განხორციელება ადგილობრივ გუნდსა და მენეჯმენტში.

ვოლტი საქართველოს ბაზარზე 2018 წლის მაისში შემოვიდა. ეს იყო მეათე ქვეყანა, რომელშიც ვოლტმა წარმომადგენლობა გახსნა. თითქმის 5 წლის განმავლობაში, ჩამოვაყალიბეთ წარმატებული საქმიანი ურთიერთობა სავაჭრო ობიექტებსა და პარტნიორ კურიერებთან და გვყავს ასობით ათასი ერთგული მომხმარებელი. ამ პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვოლტ საქართველოს კურიერებისათვის ანაზღაურების ტარიფი შეემცირებინოს. გასულ წელს, პარტნიორი კურიერებისათვის ვოლტ საქართველოსგან ანაზღაურების სახით გაცემული თანხა 32 მილიონ ლარს შეადგენდა. 

პარტნიორი კურიერების საშუალო გამომუშავება ონლაინ საათის განმავლობაში წლების მიხედვით ასეთია:

2020 - 6.61 ლარი
2021 - 7,49 ლარი
2022 - 9,77 ლარი
2023 - 11,1 ლარი (პერიოდი 01.01.2023-03.03.2023)

ვიმედოვნებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები დათანხმდებიან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადასვლას და მათ მოთხოვნებსა და პრობლემებს ვოლტ საქართველოს მენეჯმენტთან ერთად, შემოთავაზებულ ფორმატში განიხილავენ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები